2018 წელს ფანებს ძალიან გაუხარდათ, როდესაც ბრედ პიტის ხანმოკლე კამეო იხილეს Deadpool 2-ში — ის უჩინარ პერსონაჟს ასახიერებდა, რომელიც მხოლოდ სიკვდილის მომენტში გამოჩნდა — თუმცა ბევრმა, ალბათ, არ იცის, რომ ბრედ პიტსა და ფილმის რეჟისორ დევიდ ლიტჩს ხანგრძლივი ისტორია აკავშირებთ. ეს უკანასკნელი მსახიობის კასკადიორი იყო წლების განმავლობაში, ახლა კი მათი ურთიერთობა სრულიად ახალ დონეზე ავა, რადგან პიტი რეჟისორის შემდეგ პროექტში მიიღებს მონაწილეობას.

წინა თვის მიწურულს ცნობილი გახდა, რომ დევიდ ლიტჩი ახალ მძაფრსიუჟეტიან ფილმს, Bullet Train-ს, იღებს, რომელიც კოტარო ისაკას იაპონური რომანის, Maria Beetle-ის, ადაპტაცია იქნება. The Hollywood Reporter-ის ცნობით, პროექტში მთავარ როლს ბრეტ პიტი შეასრულებს.

პიტი — რომელმაც ცოტა ხნის წინ ოსკარი მოიპოვა საუკეთესო მსახიობი კაცისთვის მეორეხარისხოვან როლში — დაქირავებული მკვლელის, Ladybug-ის, როლს შეასრულებს. ის ერთ-ერთი იქნება იმ მკვლელთაგან, რომლებიც ერთად აღმოჩნდებიან ტოკიოს მატარებელში — თითოეული თავისი მოტივითა და საქმით (სავარაუდოდ, ერთმანეთთან დაპირისპირებითაც).

ლიტჩი ბრედ პიტთან ერთად გვიან 1990-იანებში თანამშრომლობდა. მათი პირველი კოლაბორაცია იყო დევიდ ფინჩერის საკულტო კლასიკა მებრძოლთა კლუბი (Fight Club), სხვა საერთო პროექტებში კი ასევე შედის Spy Game, The Mexican, მისტერ და მისის სმიტები, ოუშენის 11 მეგობარი და ტროა. პოეტურია, რომ მსახიობი ახალ კოლაბორაციას აწარმოებს თავის ყოფილ კასკადიორთან, როცა მან ახლახან შეასრულა კასკადიორის როლი კვენტინ ტარანტინოს ფილმში ერთხელ ჰოლივუდში (რამაც ზემოხსენებული ოსკარი მოაპოვებინა).

Bullet Train-ის განხორციელება მალევე იგეგმება. მისი წარმოება ამ წლის მეორე ნახევარში დაიწყება და, მართალია, ეს სარისკო წამოწყებას ჰგავს მსოფლიოში ამჟამად მიმდინარე ამბების გათვალისწინებით, მაგრამ ფილმის მარტივი გარემო იმის რწმენას იძლევა, რომ ყველაფერი კონტროლირებადი იქნება და სერიოზული რისკისა და გართულების გარეშე ჩაივლის.