ათასობით სიტყვა ჩვენს ტვინში უზარმაზარ ბიბლიოთეკას ქმნის, რომელსაც საუბრისას და წერისას თითქოს ზედმეტი ფიქრის გარეშე გაუცნობიერებლად ვიყენებთ. ნეირომეცნიერები, ენათმეცნიერები და სხვა უამრავი დისციპლინის მკვლევრები დიდი ხანია ცდილობენ დაადგინონ, მაინც როგორ ვიმახსოვრებთ სიტყვებს.

აშშ-ში ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის მკვლევრებმა უცნაური რამ აღმოაჩინეს: როგორც ჩანს, ადამიანებს ზოგი სიტყვები და სიტყვათშეთანხმებები ძალიან კარგად ამახსოვრდებათ, ზოგ სიტყვას კი მარტივად ივიწყებენ.

ეს მიგნება ნაწილობრივ შემთხვევითი იყო. კარიმ ზაგოული გუნდთან ერთად თავდაპირველად ეპილეფსიის მქონე პაციენტების მდგომარეობის შემსუბუქებაზე მუშაობდა. ზოგ შემთხვევაში ეპილეპფსია მკურნალობას არ ექვემდებარება, ამიტომ ზაგოული და მისი გუნდი ტვინის იმ რეგიონებს აკვირდებოდნენ, რომლებიც პაციენტებში ეპილეფსიას განაპირობებდნენ.

"ჩვენი მიზანი ეპილეფსიის წყაროს პოვნა და მისი მოსპობა იყო", — ამბობს ზაგოული. ამ დაავადების მქონე პაციენტების ტვინის რეგულარული მონიტორინგი ტვინის ნერვული აქტივობის კარგ სურათს ხატავს. აღსანიშნავია, რომ სპეციალური სენსორების დახმარებით მეცნიერები მთელი ტვინის სურათს ხედავდნენ.

კვლევაში მონაწილე ეპილეფსიის მქონე პაციენტები მეცნიერებს მეხსიერების კვლევაშიც ეხმარებოდნენ. თავდაპირველად NIH-ის მკვლევრებმა ეპიზოდური მეხსიერების ტესტი შეიმუშავეს. ეს მეხსიერების ისეთი ფორმაა, რომელიც ალცჰაიმერის და დემენციის მქონე პაციენტებს ხშირად უქვეითდებათ.

პაციენტებს სხვადასხვა სიტყვით წყვილს აჩვენებდნენ, მაგალითად "ხელი & ვაშლი", "კარი & კატა" და ა.შ. სიტყვები 300 ყველაზე ხშირად გამოყენებადი არსებითი სახელებიდან იყო არჩეული. შემდგომ მეცნიერები მოხალისეებს წყვილიდან ერთ სიტყვას ეუბნებოდნენ, მაგალითად "ხელს" და თხოვდნენ, გაეხსენებინათ მისი მეწყვილე (ამ შემთხვევაში, "ვაშლი").

ექსპერიმენტში მონაწილეებმა 300 გამოყენებული სიტყვიდან ყველაზე ხშირად დასამახსოვრებელი 5 სიტყვა ყველაზე იშვიათად დასამახსოვრებელ 5 სიტყვასთან შედარებით, საშუალოდ, შვიდჯერ მეტი წარმატებით გაიხსენეს.

მეცნიერები შედეგებით გაკვირვებულები დარჩნენ. დიდი ხნის მანძილზე მიიჩნეოდა, რომ ადამიანები ისეთ სიტყვათშეთანხმებებს იმახსოვრებენ, რომლებსაც ცხოვრებაში ხშირად ხვდებიან. ანუ მიიჩნეოდა, რომ მაგალითად "კარი და ფანჯარა" ადამიანებს უკეთ ამახსოვრდებათ, ვიდრე "ტანკი და ჭაობი". თუმცა, კვლევამ აჩვენა, რომ ისეთი სიტყვები, როგორიცაა "ქუჩა", "სავარძელი" და "ღრუბელი" მოხალისეებს უარესად დაამახსოვრდათ, ვიდრე "ავზი", "თოჯინა" და "გუბე".

მეცნიერებმა კვლევა გააფართოვეს და მხოლოდ ეპილეფსიის მქონე პაციენტებით არ შემოიფარგლნენ. მალევე მოხალისეებს იმავე ტესტის გავლა ონლაინ შეეძლოთ. შედეგად, მკვლევრებმა 2 623 მოხალისე გამოსცადეს.

მეცნიერები ამბობენ, რომ მეხსიერების შეფასებას თან მრავალი სირთულე ახლავს. მაგალითისთვის, ზოგ ადამიანს ერთი და იგივე რაღაცები სხვადასხვანაირად ამახსოვრდებათ, რაც მეხსიერების სტანდარტიზებული საზომის შემუშავებას ართულებს. თუ უკეთ გვეცოდინება, როგორ იმახსოვრებს ტვინი ინფორმაციას და/ან შევძლებთ იმის წინასწარმეტყველებას, თუ რა უკეთ ამახსოვრდებათ ადამიანებს, ეს ადამიანის ტვინის ჯანმრთელობის უკეთ შეფასებაში დაგვეხმარება.

მეცნიერები ზოგად ტენდენციას ამჩნევენ, რომლის მიხედვითაც, რაღაცები გონებაში უფრო ნათლად გვრჩება. მაგალითად, ბარნბრიჯმა და კოლეგებმა დამოუკიდებელ კვლევაში, სადაც ათასი მოხალისე მონაწილეობდა, აღმოაჩინეს, რომ ზოგი სახე უფრო დამახსოვრებადია.

"ჩვენი აღმოჩენა ისაა, რომ ზოგი ადამიანი და ადგილი თანდაყოლილად უფრო სამახსოვროა, მიუხედავად იმისა, რომ ყველას სხვადასხვა გამოცდილება გვაქვს".

მეცნიერებმა ასოციაციური მეხსიერების ძიების მოდელი (SAM) შეიმუშავეს, რომელიც მათ მონაცემების უკეთ გააზრებაში დაეხმარებათ. თუ რა კავშირია იმ სიტყვებს შორის, რომელიც ადამიანებს უკეთ ამახსოვრდებათ, ზუსტად ცნობილი ჯერაც არ არის. თუმცა, სპეციალური მოდელირების პროგრამების და ენის კვლევების გამოყენებით მათ ერთ საინტერესო გარემოებას მიაგნეს:

მონაცემები მიგვანიშნებს, რომ ის სიტყვათშეთანხმებები უკეთ გვამახსოვრდება, რომლებიც სემანტიკურად მსგავსია და სხვა სიტყვების მნიშვნელობებთან ასოცირდება. მეცნიერები ამბობენ, რომ ჩვენი ასოციაცური და ეპიზოდური მეხსიერება ინტერნეტის საძიებო მექანიზმივით მუშაობს. როცა Google-ის ძიებაში სიტყვას წერთ, ის რელევანტურ ასოციაციურ კავშირებს ავლებს.

ეს კვლევა ძირითადად ინგლისურენოვანი მოხალისეების შეფასებით ჩატარდა. ანუ შედეგები სხვა ენაზე მოსაუბრე მოხალისეებში, შესაძლოა, განსხვავდებოდეს. თუმცა, მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ინგლისური ენის სტრუქტურა ინგლისურად მოლაპარაკე ადამიანების ტვინში გამჯდარია, ამას ემატება ადამიანის გამოცდილებები, რაც, საბოლოოდ, ყველაფერთან ერთად მეხსიერებაზე აისახება.

მსგავს მოდელირებაზე დაყრდნობით, მეცნიერები ალცჰაიმერის მქონე პაციენტებისთვის მეხსიერების ტესტის შემუშავებას ცდილობენ, რაც პაციენტებში კოგნიტურ პრობლემებს უკეთ გამოავლენს.