შს მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ ბორცვაძე აცხადებს, რომ სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორს, ნინო გიორგობიანს შკოდას ფორმის ავტომობილი იაკობ ბრეგვაძის წამოსაყვანად არ გაუგზავნია.

ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმეა, რომელიც ფეხბურთელის დაკარგვის ღამეს მასთან და კიდევ რამდენიმე პირთან ერთად ხიდზე იყო. ფოტოგრაფი ნინო გიორგობიანის ნათესავია.

"ტყუილია, რომ [დავით] გელაშვილი შკოდას ფირმის ავტომობილი გააგზავნა იაკობ ბრეგაძის წამოსაყვანად. ეს გამოძიებით დადასტურებულია და კითხვის ნიშნები არ არსებობს", — აღნიშნა ბორცვაძემ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, გიორგობიანს არც შემთხვევის და არც შემდგომი დღეების განმავლობაში ბრეგვაძესთან და მის ოჯახთან კომუნიკაცია არ ჰქონია:

"იაკობ ბრეგვაძე ამ საქმეში არის დაზარალებული და მას აქვს მინიჭებული დაზარალებულის სტატუსი, ვინაიდან მის მიმართ ძალადობრივი ქმედებების განხორციელებას ჰქონდა ადგილი".

რაც შეეხება გავრცელებულ ვიდეოკადრებს შკოდას ტიპის ავტომობილთან დაკავშირებით, ბორცვაძის თქმით, გამოძიებით დადგენილია, რომ იმ კადრებში რეალურად ჩანს ტოიტა პრიუსის ავტომობილი და არის ტაქსი:

"დადგენილია ტაქსის მძღოლი, დაკითხულია და ფაქტი დასტურდება".

ამასთან, მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ გელაშვილი, რომელიც თითქოსდა გიორგობიანმა ნათესავის წამოსაყვანად მანქანით გაგზავნა, იმ ღამით მორიგე არ იყო და ქარელში იმყოფებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა, ნინო გიორგობიანმა რამდენიმე დღის დაადასტურა, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმე ფოტოგრაფი მისი ნათესავია.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე შსს-ს მაღალჩინოსნის ნათესავია თავდაპირველად ზვიად კუპრავამ გაავრცელა. ის წერდა, რომ ფოტოგრაფი მომხდარიდან რამდენიმე წუთში აღნიშნულ მაღალჩინოსანთან იყო კავშირზე და "გასაგებია თუ რატომ იქნა მისი ფოტო აპარატიდან "წაშლილი" იმ დღის მასალა და ასევე რატომ არის მისი ჩვენებები ურთიერთგამომრიცხავი". კუპრავამ განაცხადა, რომ გამოძიებამ დაუყოვნებლივ უნდა მოითხოვოს მომხდარის ღამე ფოტოგრაფთან კონტაქტზე მყოფი პირების სატეელფონი ჩანაწერები.

პასუხად ნინო გიორგობიანმა განაცხადა, რომ იაკობ ბრეგვაძის ამ საქმესთან შემხებლობის შესახებ მხოლოდ 22 ივნისს, ფოტოგრაფის დედისგან შეიტყო.

19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ 22 ივნისს, მდინარე არაგვში იპოვეს. შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 17-ვე პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. დაკავებულებს ბრალი ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე აქვს წარდგენილი.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით, 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

პროკურატურის ინფორმაციით, საქმის ირგვლივ გამოიკითხა 60-მდე პირი და მოწმეთა დაკითხვა ამ ეტაპზეც გრძელდება, მოპოვებულია მომხდარი ფაქტების ამსახველი ვიდეომასალაც. მოწმეებს შორისაა ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძეც, რომელმაც იმ ღამეს პატრული გამოიძახა.

უწყება აცხადებს, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიღების და გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზის დადგენის შემდეგ საქმეს შესაბამისი შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა.

ამავე თემაზე: