მოძრაობა შეცვალეს წევრებმა ბაჩანა შენგელიასთან ერთად იუსტიციის სამინისტროსთან აქცია გამართეს. ისინი მოითხოვენ, რომ ფეისბუქპოსტების გამო ადამიანების წინააღმდეგ ცენზურა და დევნა შეწყდეს. ამ თემაზე კომენტარი მათ მთავარ არხთან გააკეთეს.

"ეს არ არის უბრალოდ ჩემ ფეისბუქპოსტებთან დაკავშირებით საქმე, ეს არის პრეცედენტი იმისა, რომ ამ ქვეყანაში დაუშვებელია ცენზურის დაწესება და არავის არ აქვს უფლება, არც ამ საჯარო დაწესებულებას, რომელსაც ხელმძღვანელობს ვიცე-პრემიერი, არავის ამ ქვეყანაში, რომ ჩვენ შეგვიზღუდოს კონსტიტუციით გარანტირებული სიტყვის თავისუფლების უფლება", — თქვა ბაჩანა შენგელიამ.

მისი თქმით, წინასაარჩევნოდ დაშინების კამპანიაა დაწყებული და ხელისუფლებას ამის უფლება არ უნდა მისცენ.

"ჩვენი მოთხოვნაა შეწყდეს პოლიტიკური დევნა და პოლიტიკური ცენზურა სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ ფესბუქსტატუსების გამო ადამიანების დაკითხვაზე დაბარება და როგორც ბაჩანა შენგელიას შემთხვევაში მოხდა, მისი სამსახურიდან გაშვება", — თქვა ერთ-ერთმა აქტივისტმა.

ბაჩანა შენგელიამ 24 ივნისს გაავრცელა განცხადება, რომ მას იუსტიციის სამინისტრომ სანოტარო საქმიანობა კანონიერი საფუძვლის გარეშე, პოლიტიკური ნიშნით შეუზღუდა. On.ge-სთან საუბარში იგი ჰყვებოდა, რომ მას 18 ივნისს გაუთიშეს სერვერი. მისივე თქმით, მუშაობის შეზღუდვიდან ოთხი დღის შემდეგ, 22 ივნისს აღძრეს დისციპლინური საქმე მის წინააღმდეგ, "აბსურდული და გაურკვეველი მიზეზით".

29 ივნისს შენგელიამ გამოაქვეყნა იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის წერილი, სადაც წერია, რომ ნოტარიუსად მუშაობა პოლიტიკური შეფასებების გამო შეუზღუდეს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შენგელიას ფეისბუქს ერთი თვის განმავლობაში ამოწმებდნენ, რის შემდეგაც დაადგინეს, რომ ბაჩანა ის "ახორციელებდა მიკერძოებული პოლიტიკური შეხედულების საჯაროდ გამომჟღავნებას და აკეთებდა პოლიტიკურ შეფასებებს".

იუსტიციის მინისტრმა ბაჩანა შენგელიასთვის სანოტარო საქმიანობის შეჩერების შესახებ ოპოზიციის კითხვებს პარლამენტში უპასუხა. თეა წულუკიანის თქმით, ნოტარიატის შესახებ კანონით, პოლიტიკურ საქმიანობაში ნოტარიუსის ჩარევა აკრძალულია. მან ოპოზიციას მოუწოდა, ნუ "აპოლიტიზებს" თემას და ნუ აფიქრებინებენ, რომ "ეს ადამიანი მთლად პოლიტიკურად ნეიტრალური არ არის".

პირველ ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩანა შენგელიას განცხადება დააკმაყოფილა და იუსტიციის სამინისტროს სანოტარო საქმიანობის სისტემასთან წვდომის აღდგენა დაავალა.

თუმცა, სასამართლო განჩინების მიუხედავად, იუსტიციის სამინისტრომ მას სანოტარო საქმიანობის უფლება არ აღუდგინა. სასამართლოს გადაწყვეტილების სისრულეში მოსაყვანად, შენგელიამ აღსრულების ბიუროს მიმართა.