დავით დევნოზაშვილი

ფოტო: ნეტგაზეთი

შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე, დავით დევნოზაშვილი, რომელიც პროკურატურამ ფოტოგრაფების საქმეზე ცოტა ხნის წინ დააკავა, მონაწილეობდა გაზეთ ბათუმელების ჟურნალისტის, თედო ჯორბენაძის შანტაჟშიც.

როგორც პროკურატურის წარმომადგენელმა, კოკა კაციტაძემ, დღეს გამართულ ბრიფინგზე, ნეტგაზეთის კითხვის პასუხად განაცხადა, დევნოზაშვილს ბრალი წაყენებული აქვს ჯორბენაძის საქმეზეც:

"ამ საქმით დაინტერესებულია პროკურატურა და მას ამ საქმეზეც აქვს ბრალი წარდგენილი, რომ აშანტაჟებდა ჟურნალისტს, თუმცა ეს საქმე არის საიდუმლო, მას გრიფი საიდუმლო აქვს მინიჭებული და ბუნებრივია, მე ამ საქმეზე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ. თუმცა, მას წარდგენილი აქვს ბრალდება და მას შეფარდებული აქვს აღკვეთის ღონისძიება".

ნეტგაზეთის ინფორმაციით, 2009 წელს, დავით დევნოზაშვილი, შსს-ს კიდევ ერთ თანამშრომელთან, ზაზა გუჯაბიძესთან ერთად, აშანტაჟებდა გაზეთ ბათუმელების საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელს, ჟურნალისტ თედო ჯორბენაძეს და ცდილობდა, ის მათთან თანამშრომლობაზე დაეყოლიებინა.

ჟურნალისტები აპროტესტებენ სახელმწიფო უწყების მხრიდან თედო ჯორბენაძის შანტაჟის მცდელობას. 1 დეკემბერი, 2009. თბილისი.

ფოტო: ზურა ბალანჩივაძე

გაზეთმა ბათუმელებმა 2009 წელს შანტაჟის მცდელობა გაასაჯაროვა, ჟურნალისტებმა შანტაჟისტი პოლიციელის პასუხისგება თბილისში გამართულ აქციაზეც მოითხოვეს, თუმცა, უშედეგოდ. 2011 წელს გაზეთმა ბათუმელებმა ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში დაადგინა, რომ ჯორბენაძეს სწორედ დავით დევნოზაშვილი აშანტაჟებდა და მასალები პროკურატურას გადასცა, თუმცა, არც იმ დროს და არც 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ამ დრომდე, ამ საქმეზე არანაირი რეაგირება არ ყოფილა.

ნეტგაზეთი, რომლის დამფუძნებელიც არის გაზეთი ბათუმელები, წერს იმ კითხვების შესახებ, რომელიც მათ დღეს გააჩნიათ საგამოძიებო უწყების მიმართ: "თუ დევნოზაშვილი სამართალამცველებმა მხოლოდ ამ დღეებში დააკავეს, ეს ნიშნავს, რომ მას თედო ჯორბენაძის საქმეზე აღკვეთის სახით პატიმრობა მისჯილი არ ჰქონდა, შესაბამისად ამ დროისთვის უცნობია პასუხი შემდეგ კითხვებზე:

  • როდის წაუყენეს ბრალი თედო ჯორბენაძის საქმეზე დავით დევნოზაშვილს?
    რა მუხლით?
  • ითხოვდა თუ არა პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებას და კონკრეტულად რა ფორმას?
  • აპირებს თუ პროკურატურა გრიფი ‘საიდუმლო” მოხსნას ისე, როგორც ეს ფოტოგრაფების საქმეზე გააკეთა?"

ნეტგაზეთმა ზემოხსენებულ შეკითხვებზე პასუხის მიღება ჯორბენაძის საქმის პროკურორ რამაზ შავაძისგან სცადა, რომელმაც გამოცემას მხოლოდ ის უთხრა, რომ ჟურნალისტ თედო ჯორბენაძის საქმეზე დევნოზაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო აქვს შეფარდებული (თანხის ოდენობა არ დაუკონკრეტებია) და საქმის არსებითი განხილვა ჯერ არ დაწყებულა.

რაც შეეხება ფოტორეპორტიორების საქმეს, როგორც პროკურატურამ 6 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დავით დევნოზაშვილი იყო ის პირი, რომელმაც 2011 წელს ჯაშუშობაში ბრალდებულ ფოტოებს იძულებითა და შანტაჟით დააწერინა აღიარებითი ჩვენებები.