თრომბოლიზური თერაპია და ენდოვასკულური თრომბექტომია მწვავე იშემიური ინსულტის მკურნალობის თანამედროვე მეთოდს წარმოადგენს. თრომბოლიზისი თავის ტვინის მომმარაგებელ სისხლძარღვში არსებული თრომბის მედიკამენტოზურ დაშლას, თრომბექტომია კი დაზიანებულ უბანში თრომბული მასის მექანიკურ ექსტრაქციას გულისხმობს. ორივე პროცედურა პათოლოგიური პროცესის შეჩერებას უწყობს ხელს, რაც მინიმუმამდე ამცირებს ინსულტის შედეგად გამოწვეულ ინვალიდობას და აუმჯობესებს სიცოცხლის ხარისხს.

თრომბოლიზისს, ისევე, როგორც თრომბექტომიას, გააჩნია მკაცრად განსაზღვრული თერაპიული ფანჯარა, რის გამოც დაავადების ადრეულ დიაგნოსტირებას და დროულ ჰოსპიტალიზაციას პრინციპული მნიშვნელობა ენიჭება.

კავკასიის მედიცინის ცენტრის ინფორმაციით, ნევროლოგთა და ნეიროქირურგთა გუნდის მიერ უკვე წარმატებით ჩატარდა 5 თრომბოლიზისი და 3 თრომბექტომია. ნეირომეცნიერებათა დეპარტამენტში მწვავე იშემიური ინსულტის მკურნალობას ქალაქ უნას ევანგელური საავადმყოფოს ნევროლოგიური დეპარტამენტის დირექტორი, ესენის უნივერსიტეტის პროფესორი და ევექსი ჰოსპიტლების ნევროლოგიური სამსახურის უფროსი, ზაზა ქაცარავა და კავკასიის მედიცინის ცენტრის ნეიროქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ვლადიმერ წიქარიშვილი ხელმძღვანელობენ.