საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს კვლევის თანახმად, ქართული ოცნებისა და სალომე ზურაბიშვილის შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა საგანგებო მდგომარეობის დროს პირდაპირი შესყიდვის გზით ჯამში სულ მცირე 45 მლნ ლარამდე ღირებულების კონტრაქტები მიიღეს. ეს ფული აღნიშნულ პერიოდში პირდაპირი შესყიდვებით დახარჯული ფინანსების 35%-ია.

საგანგებო მდგომარეობის დროს სულ 557 მილიონი ლარის ღირებულების 1 495 ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა. TI-ში აცხადებენ, რომ 25 კომპანიის მფლობელებმა 2016-2020 წლებში ქართულ ოცნებას ჯამში 2,3 მლნ ლარზე მეტი შესწირეს.

კვლევის თანახმად, არის რამდენიმე ისეთი შესყიდვა, როდესაც მიმწოდებელს კონტრაქტი თანხის შეწირვიდან რამდენიმე დღეში გაუფორმეს.

ფოტო: საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო

დოკუმენტში აღნიშნულია ისიც, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერებიდან 974 უკვე შედგა ან შეთავაზებები გაკეთდა, საიდანაც 580 ტენდერში მხოლოდ ერთმა პრეტენდენტმა მიიღო მონაწილეობა. აქედან, 400-მდე ტენდერში უკვე გამოვლინდა გამარჯვებული, დანარჩენი გადაწყვეტილების მიღების პროცესშია.

"გამოდის, რომ ყოველი მეორე ტენდერი კონკურენციის გარეშე შედგა [...] ჯამში 235 მლნ ლარი განაწილდა ისეთი ტენდერების მეშვეობით, რომლებშიც მხოლოდ ერთი პრეტენდენტი მონაწილეობდა, რაც ტენდერების ჯამური თანხის 54%-ია. 137 მლნ ლარი კი ორ პრეტენდენტიანი ტენდერების გზით განაწილდა. მთლიანობაში ერთ ან ორ პრეტენდენტიან ტენდერებში ჯამური თანხის 85% დაიხარჯ(ებ)ა", — აღნიშნულია კვლევაში.

ფოტო: საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო

TI-ის ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში გამარტივებული შესყიდვის გზით 127,2 მლნ ლარის ჯამური ღირებულების 11 316 კონტრაქტი გაფორმდა. კვლევის მიხედვით, 57 მლნ ლარი გადაუდებელი აუცილებლობის, ხოლო 29,2 მლნ ლარი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების საფუძვლით დაიხარჯა.

გამარტივებული შესყიდვის გზით ყველაზე მეტი თანხა — 24,4 მლნ ლარი ჯანდაცვასთან დაკავშირებულ საქონელსა და მომსახურებაზე დაიხარჯა. შემდეგ მოდის სასტუმროების მომსახურების შეძენა 23,6 მლნ ლარით.

მთავრობის ადმინისტრაცია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტრო (შსს) და შსს-ს დაქვემდებარებული ზოგიერთი უწყება გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტებს არ აქვეყნებენ. TI-ში აღნიშნავენ, რომ სავარაუდოდ, პირდაპირი შესყიდვით მეტი თანხა იხარჯება, მაგრამ მათ შესახებ ინფორმაცია გამჭვირვალე არ არის, რაც ანალიზსა და კორუფციული რისკების კონტროლს ართულებს.