ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, აშშ-ს დახმარების 15%-ის შესაძლო "დაკავებაზე" კანონპროექტი უპრეცედენტო შემთხვევაა. ამ თემაზე მან სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.

"მე მინდა ვთქვა, რომ 30-წლიანი ურთიერთობების ისტორიის მანძილზე, საქართველოს აღდგენილი დამოუკიდებელ სახელმწიფოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ხშირად მოგვისმენია კრიტიკა ამა თუ იმ საკითხებთან დაკავშირებით", — თქვა სალომე სამადაშვილმა.

სამადაშვილის თქმით, კონგრესი უპრეცედენტო ნაბიჯს დგამს რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიის მხარდაჭერით, ამ კანონპროექტით ფაქტობრივად "ივანიშვილის რეჟიმის მიმართ სანქციების დაწესებაზე".

შესაძლოა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 2021 წლისთვის საქართველოს გამოყოფილი ფინანსური დახმარების 15 პროცენტი "დააკავოს", მანამ, სანამ მთავრობა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთის ეფექტიან ნაბიჯებს არ გადადგამს.

დოკუმენტში საუბარია საქართველოსთვის $132 025 000-ის გამოყოფაზე, თუმცა მეორე პუნქტის თანახმად, განსაზღვრულია დაფინანსების შეჩერების პირობები:

"დაფინანსების შეჩერება — კანონით გათვალისწინებული სახსრების 15 პროცენტი არ გამოიყოს, სანამ სახელმწიფო მდივანი არ განსაზღვრავს და არ წარუდგენს ანგარიშს კომიტეტებს, რომ საქართველოს მთავრობა დგამს ეფექტურ ნაბიჯებს შემდეგი მიმართულებით:

  1. დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით;
  2. მთავრობაში კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, მათ შორის, ანტიკორუფციული კანონებისა და რეგულაციების შემოღებით;
  3. უზრუნველყოს კანონის უზენაესობა კერძო სექტორში, რას შესაბამისობაში უნდა იყოს საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან, მათ შორის, უცხოური ბიზნესის უფლებების დაცვით, რათა შეეძლოთ შევიწროების გარეშე ოპერირება და საქართველოში განხორციელებული ინვესტირების შედეგად ფინანსური სარგებლის მიღება".