პარლამენტის ვიცე-სპიკერი, კახა კუჭავა აცხადებს, რომ აშშ-ს მიერ გამოყოფილი დახმარების 15%-ის "დაკავების" შესახებ კანონპროექტი ჯერ მხოლოდ კონგრესის ერთ-ერთ კომიტეტის ქვეკომიტეტშია დარეგისტრირებული. ამ თემაზე კომენტარი მან მედიასთან გააკეთა.

"გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს რაღაც თანხები გაყინეს, კონგრესმა მიიღო გადაწყვეტილება, პალატებიც კი ახსენეს და ა.შ, ეს არის, კიდევ ერთხელ ვიტყვი — ტყუილი, რადგან საუბარია კონგრესის ერთ-ერთი კომიტეტის, ერთ-ერთ ქვეკომიტეტში დაინიცირებულ კანონპროექტზე, რომელსაც ძალიან ბევრი თვე დასჭირდება იმისთვის, რომ სესიამდე მივიდეს და კენჭისყრა ჩატარდეს", — თქვა კახა კუჭავამ.

კუჭავას თქმით, ამ კანონპროექტის დაინიცრიება ჩვენთან "გაყიდული" იყო ისე, თითქოს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

შესაძლოა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 2021 წლისთვის საქართველოს გამოყოფილი ფინანსური დახმარების 15 პროცენტი "დააკავოს", მანამ, სანამ მთავრობა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთის ეფექტიან ნაბიჯებს არ გადადგამს.

დოკუმენტში საუბარია საქართველოსთვის $132 025 000-ის გამოყოფაზე, თუმცა მეორე პუნქტის თანახმად, განსაზღვრულია დაფინანსების შეჩერების პირობები:

"დაფინანსების შეჩერება — კანონით გათვალისწინებული სახსრების 15 პროცენტი არ გამოიყოს, სანამ სახელმწიფო მდივანი არ განსაზღვრავს და არ წარუდგენს ანგარიშს კომიტეტებს, რომ საქართველოს მთავრობა დგამს ეფექტურ ნაბიჯებს შემდეგი მიმართულებით:

  1. დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით;
  2. მთავრობაში კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, მათ შორის, ანტიკორუფციული კანონებისა და რეგულაციების შემოღებით;
  3. უზრუნველყოს კანონის უზენაესობა კერძო სექტორში, რას შესაბამისობაში უნდა იყოს საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან, მათ შორის, უცხოური ბიზნესის უფლებების დაცვით, რათა შეეძლოთ შევიწროების გარეშე ოპერირება და საქართველოში განხორციელებული ინვესტირების შედეგად ფინანსური სარგებლის მიღება".