ორასზე მეტი მეცნიერი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას (WHO) და ჯანდაცვის სხვა ორგანოებს კორონავირუსის წვეთოვანი გავრცელების შესახებ შეხედულების გადახედვას სთხოვს. მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ ვირუსი ჰაეროვანი გზითაც ვრცელდება. აღნიშნულ ცვლილებას მნიშვნელოვანი გავლენა ექნება კორონავირუსის საწინააღმდეგოდ გატარებულ ღონისძიებებზე.

ამ მოსაზრებას იზიარებს ის ორი მეცნიერიც, რომელმაც ამ კვირას WHO-ს ღია წერილით მიმართა. სტატიის პრეპრინტი ჟურნალში Clinical Infectious Diseases გამოქვეყნდა. მასში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ "ეჭვგარეშეა, ვირუსი ამოსუნთქვის, საუბრისა და ხველის დროს იმ მიკროწვეთებში აღმოჩნდება, რომელიც შემდგომ ჰაერში შეიწონება". ეს ნიშნავს, რომ ჩაკეტილ სივრცეში მყოფი ადამიანები ინფიცირების უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან, ვიდრე ეს ადრე იყო ნავარაუდები.

სტატიის ავტორებმა თავიანთი შეხედულებები აქამდე გამოქვეყნებული კვლევებით გაამყარეს, სადაც კორონავირუსის მონათესავე ვირუსების ჰაეროვანი გადაცემის მექანიზმებია ახსნილი. მათი აზრით, სრულიად მოსალოდნელია, რომ კორონავირუსიც ამ ჯგუფში შედიოდეს. მათ არგუმენტებს ასევე ამყარებს ვაშინგტონის შტატში აღწერილი კლინიკური შემთხვევა, როდესაც მომღერალთა გუნდის ერთმა ინფიცირებულმა წევრმა რეპეტიციაზე მისული 52 ადამიანი დააავადა. წვეთოვანი გზით გადაცემა ივარაუდა ჩინეთის ქალაქ გუანჭოუში გამოქვეყნებულმა კლინიკური შემთხვევის ანალიზმაც. მაშინ რესტორანში ცუდად დამონტაჟებულმა კონდიციონერმა, რომელიც ჰაერს ოთახიდან იღებდა და ისევ უკან აბრუნებდა, 10 ადამიანი დააინფიცირა.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ COVID-19-ის ჰაეროვანი გადაცემის არაღიარებას და საპასუხო ღონისძიებების გაუტარებლობას მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვება. ადამიანებმა შეიძლება ჩათვალონ, რომ ამჟამინდელი რეკომენდაციების გათვალისწინებით სრულად დაცულნი არიან, მაგრამ სინამდვილეში ჰაეროვანი გავრცელებისგან თავდასაცავი ღონისძიებები გასატარებელი იყოს

ნაწყვეტი ღია წერილიდან

ორშაბათს გაეროს ჯანდაცვის სააგენტომ განაცხადა, რომ მათ აღნიშნული წერილი ექსპერტებს გადაუგზავნეს და შესაბამის პასუხს ელოდებიან.

WHO-ს ოფიციალური განცხადებით, COVID-19 წვეთოვანი გზით ვრცელდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ვირუსი დიდი ზომის წვეთებით, დახველების ან დაცემინების დროს გამოიყოფა გარემოში. აქამდე მიიჩნეოდა, რომ ვირუსი ჰაეროვანი გზით მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, მაღალი რისკის შემცველი პროცედურების დროს გადაეცემა.

WHO ბოლო პერიოდში აქტიური კრიტიკის ობიექტი ხდება, რადგანაც ორგანიზაცია სამეცნიერო საზოგადოების მიერ მიწოდებულ შეხედულებებს სრულად და ოპერატიულად არ იზიარებს. მაგალითისათვის პირბადეების გამოყენების შესახებ დატრიალებული პერიპეტიები გამოდგება. WHO თვეების განმავლობაში უარზე იყო, რომ პირბადეების ფართო გამოყენებაზე რეკომენდაცია გაეცა. იგი აღნიშნულს სამედიცინო ეკიპირების დაზოგვითა და მისი მიზნობრივი გამოყენების აუცილებლობით ხსნიდა. ორგანიზაცია ასევე აღნიშნავდა, რომ დაავადების უსიმპტომო მიმდინარეობის შემთხვევაში ვირუსის გადაცემა იშვიათი იყო.

მეცნიერები მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაუღალავად ცდილობენ, უკეთ გაეცნონ ვირუსს. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC) აცხადებს, რომ ვირუსი ადამიანებს შორის ახლო კონტაქტის დროს ვრცელდება, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ "ჩვენ ჯერ კიდევ შევისწავლით ვირუსის გადაცემის გზებს".

ღია წერილის ხელმომწერთა აზრს იზიარებს პროფესორი მარტინ მაკკი, ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლიდან. მისი შეხედულებით, მეცნიერთა მიერ მოყვანილი არგუმენტები სრულიად ლოგიკურია.

პრობლემის არსი ნაწილობრივ იმაში მდგომარეობს, რომ WHO აღნიშნულ სიტუაციას გრიპის მიმდინარეობის პარადიგმიდან უდგება — მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კარგად ვიცით, კორონავირუსსა და სეზონურ გრიპს შორის ძალიან ბევრი განსხვავებაა

მარტინ მაკკი, ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლის პროფესორი

მაკკიმ ასევე აღნიშნა, რომ დიდ ბრიტანეთში პაბების, რესტორნებისა და სილამაზის სალონების გახსნაზე ამ ახალ სამეცნიერო თეორიას, შესაძლოა, მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდეს. თუ ვირუსი აირ-წვეთოვანი გზით ვრცელდება, მაშინ დახურულ სივრცეებში უფრო მკაცრი ღონისძიებების გატარება იქნება აუცილებელი.