არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების განცხადებით, წინასაარჩევნო მონიტორინგისას ამომრჩევლის მოსყიდვისა და სახელმწიფო რესურსების გამოყენების სავარაუდო ფაქტები გამოავლინეს. მათი ინფორმაციით, სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული ბეჭდვითი საინფორმაციო გამოცემა — ჩვენი სოფელი, მმართველი პარტიისა და მისი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილისთვის სასარგებლო აგიტაციის ნიშნებს შეიცავს.

ISFED-ის განცხადებით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა: ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის 19 ფაქტი, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების მიერ 16, ხოლო მოძრაობა მომავლისთვის — მომოს მიერ 3 შემთხვევა, სახელმწიფო რესურსების სავარაუდო გამოყენების 2, სამართლიანი არჩევნების დამკვირვებელზე ზეწოლის 1, პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლის 2, სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარის 1 ფაქტი.

ISFED-ის განცხადებით, ანგარიშში ძირითადად განხილულია 2020 წლის 1 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით პერიოდი, აგრეთვე მოვლენები, რომელთა განვითარება 1 ივნისამდე დაიწყო და მონიტორინგის პერიოდშიც მიმდინარეობდა.