საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას განცხადებით, მოსკოვის ცსკა-ში გადასვლაზე ოფიციალური გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. მისი თქმით, ამ გუნდში წასვლით ან არ წასვლით საქართველოს მიმართ დამოკიდებულება არ იცვლება. ამ თემაზე შენგელიამ გადაცემაში სპორტი იმედზე ისაუბრა.

"ოფიციალურად არაფერი არ არის გადაწყვეტილი, ჯერ ხელი არაფერზე არ მაქვს მოწერილი. [...] ამ გუნდში გადასვლით ან არ გადასვლით ჩემი დამოკიდებულება ქვეყანაზე და ჩემ ხალხზე ერთი წამითაც არ იცვლება, არანაირად არ იცვლება და იმედიც მაქვს, რომ ჩემი ქვეყნის და ხალხის დამოკიდებულებაც ჩემ მიმართ არ შეიცვლება. ჩემს პატრიოტიზმზე და სიყვარულზე სამშობლოს მიმართ, რამე ახსნა-განმარტებების დაწყება, ცოტა უცნაურად მიმაჩნია, სიმართლე გითხრათ", — თქვა თორნიკე შენგელიამ.

შენგელიას განცხადებით, ერთადერთი სერიოზული შემოთავაზება და დაინტერესება ცსკა-სგან ჰქონდა და მათთან მოლაპარაკებებს აგენტი აწარმოებს.

რამდენიმე კვირაა უცხოურ და ქართულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ თორნიკე შენგელია მოსკოვის ცსკა-ში გადადის. ტრანსფერის თემა აქტიური გახდა მას შემდეგაც, რაც შენგელიას გუნდმა ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო.