ახლადაღმოჩენილ დინოზავრს Kongonaphon kely უწოდეს, რაც ხოჭოების პაწაწინა მკვლელს ნიშნავს. ეს ერთი ციდა დინოზავრი სულ რაღაც ყავის ფინჯანის ზომის იყო (10 სანტიმეტრი სიგრძის) და იგი მადაგასკარზე, ტრიასულ პერიოდში, დაახლოებით 237 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა.

მკვლევართა თქმით, K. kely უძველეს გუნდს, Ornithodira-ს მიეკუთვნებოდა, რომელიც დინოზავრებისა და პტეროზავრების უკანასკნელი საერთო წინაპარია.

"არსებობს საერთო მოლოდინი, რომ დინოზავრი ვეებერთელა უნდა იყოს. თუმცა ეს ახლადნაპოვნი არსება წარმოუდგენლად პატარაა", — განაცხადა პალეონტოლოგმა კრისტიან კამერერმა.

ფოტო: Alex Boersma

როგორ განვითარდნენ გიგანტური არსებები ასეთი მოკრძალებული ზომის წინაპრებისგან, უცნობია და, შესაძლოა, საბოლოო პასუხი ვერც ვერასდროს ვიპოვოთ, რადგან Ornithodira-ს მხოლოდ რამდენიმე წარმომადგენელია აღმოჩენილი და შესწავლილი.

სწორედ ამიტომ ამ პაწაწინა დინოზავრის ძვლები ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ოჯახის წარმომადგენლები პირველად 1998 წელს მადაგასკარის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში აღმოაჩინეს.

K. kely Lagerpetidae-ის ოჯახის ჩვენთვის ცნობილი ყველაზე პატარა წარმომადგენელია. Ornithodira-ს ადრეული ნიმუშების წყალობით ცნობილი იყო, რომ ისინი პატარები იყვნენ, თუმცა ამ ნიმუშის აღმოჩენის შემდეგ მკვლევრები ფიქრობენ, რომ მსგავსი ზომის დინოზავრები ერთ დროს იშვიათობას არ წარმოადგენდნენ.

"როგორც წესი, დინოზავრები და გიგანტიზმი სინონიმები არიან. თუმცა სხეულის ზომის ევოლუციის ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ დინოზავრების ადრეული წარმომადგენლები იმაზე პატარები იყვნენ, ვიდრე ეს აქამდე გვეგონა", — ნათქვამია კვლევაში.

ფოტო: Scott Hartman & Frank Ippolito / AMNH

ასევე შესძლებელა, რომ მსგავსი პატარა სხეული K. kely-ს იმ ქცევების განვითარებაში დაეხმარა, რომლებმაც მისი შთამომავლობის გადარჩენას შეუწყო ხელი: იქნებოდა ეს ორ ფეხზე სიარული, ბეწვის ჩამოყალიბება პატარა სხეულის გასათბობად თუ ფრენის დასაწყისი.

კვლევა 6 ივლისს ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა.