8 მაისს ნეტფლიქსის ერთ-ერთი ცნობილი სატელევიზიო შოუ Dead to Me-ის მეორე სეზონი გამოვიდა, რომელიც მაყურებლების დიდმა ნაწილმა სერიალის დასასრულად მიიჩნია, სულ ახლახანს კი გაირკვა, რომ შოუს შემქმნელები კიდევ ერთ სეზონს უმზადებენ ერთგულ გულშემატკივრებს.

ნეტფლიქსმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ უახლოეს მომავალში მაყურებელი სერიალის მესამე სეზონსაც იხილავს და ის ნამდვილად იქნება ფინალური სანახაობა: შოუ სწორედ ამ სეზონით დასრულდება.

"თავიდან ბოლომდე Dead to Me ზუსტად ის პროექტი იყო, რომლის განხორციელებაც მინდოდა და ამის შესაძლებლობა რომ მომეცა, დიდებულია საჩუქარია ჩემთვის. ამავდროულად კი მადლობა ყველას, ვინც შოუს შექმნაში იღებდა მონაწილეობას, რადგან სწორედ მათი მხარდაჭერით მივიღე ეს შედეგი. მიხარია, რომ ჩვენი თანამშრომლობა გრძელდება", — განაცხადა სერიალის შემქმნელმა, ლიზ ფელდმანმა.

მსახობები კრისტინა ეპლგეიტი და ლინდა გარდელინი Dead to Me-ის გადაღებებზე შოუს შემოქმედ ლიზ ფელდმანთან ერთად.

ფოტო: Netflix

შავი იუმორით გამორჩეული ამ სერიალის პრემიერა 2019 წელს შედგა და მან მალევე მიიზიდა მრავალი მაყურებელი. შოუ ორი მთავარი გმირის, ჯენისა და ჯუდის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც მათ ცხოვრებაში მოულოდნელად დატრიალებულ ტრაგედიასთან გამკლავებას ცდილობენ.

სერიალში მთავარ როლებს კრისტინა ეპლგეიტი, ლინდა გარდელინი და ჯეიმს მარსდენი ასრულებენ. ეპლგეიტმა პირველ სეზონში შესრულებული როლისთვის ემისა და ოქროს გლობუსის ნომინაციები მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ნეტფლიქსმა Dead to Me-ის შემოქმედთან, ლიზ ფელდმანთან არა მხოლოდ ახალ სეზონთან დაკავშირებით, არამედ სამომავლოდ სხვა პროექტებზე თანამშრომლობის სურვილიც გამოთქვა, რაც იმის იმედს გვაძლევს, რომ წინ კიდევ ბევრ მსგავს საინტერესო სანახაობას უნდა ველოდოთ მისგან.