შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვები წლის ბოლომდე გახანგრძლივდეს. ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბიუროს სხდომაზე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებაზე საუბრისას.

მისი განმარტებით, აღნიშნული შეზღუდვების გაგრძელებისთვის სამი პრიორიტეტი არსებობს: ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ეკონომიკა და და არჩევნები, რომელიც უნდა უსაფრთხოდ უნდა ჩატარდეს.

"ჩვენ უნდა ჩავატაროთ დათქმულ დროს არჩევნები და არ უნდა დაგვჭირდეს არცერთ შემთხვევაში პატარა პრობლემის შექმნის გამო სექსტემბერში ან ოქტომბერში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. ამიტომ უნდა არსებობდეს რეგულაციები, რომელიც მოგვცემს საშუალებას პატარა აფეთქების თუ ეპიდსიტუაციის დამძიმების სიტუაციაში ამ საკანონმდებლო რეგულაციებმა მისცეს ეფექტიანი მენეჯმენტის საშუალება ხელისუფლებას, როგორც მას დღემდე ვახერხებდით. ეს არის მთავარი მიზეზი", — განაცხადა მდინარაძემ.

როგორც მდინარაძე ამბობს, ამ რეგულაციებით ეკონომიკას ნაკლები ზიანია მიადგება.

"ამ რეგულაციების არსებობის პირობებში, ჩვენ უფრო მეტად გავხსენით ეკონომიკა. რეგულაციები საჭირო არ გახდა. საბედნიეროდ, მართვა და მენეჯმენტი განხორციელდა ისე, რომ პირიქით. ამის მაგალითია ისიც, რომ ჩვენ დღეს გავხსენით ფიტნეს კლუბები და სავარჯიშო დარბაზები", — განაცხადა მდინარაძემ.

ქართულმა ოცნებამ მაისში დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს. მიღებული კანონი ძალაში გამოქვეყნებისთანავე შედის და უქმდება 15 ივლისის შემდეგ.

აღნიშნულის მიხედვით, იზოლაციის ან/და კარანტინის წესს ადგენს საქართველოს მთავრობა ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სამინისტრო. მთავრობის მიერ დადგენილი წესით შეიძლება განისაზღვროს საკარანტინო ღონისძიებებიც.

გარდა ამისა, კანონში ჩაიწერა, რომ ამ უფლებების შეზღუდვა უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციით დაცული სიკეთეების მიღწევისკენ მიმართული, კანონით გათვალისწინებული, დემოკრატიული საზოგადოებისათვის აუცილებელი, არადისკრიმინაციული, პროპორციულად შემზღუდველი და ისეთი, რომ შეზღუდვით დაცული სიკეთე აღემატებოდეს შეზღუდვით მიყენებულ ზიანს.