გიფიქრიათ, რამდენი ხანი შეიძლება გაძლოს უვნებლად დამარინადებულმა კიტრმა?

ალბათ, არა და მით უფრო არასდროს გაივლებდით ფიქრად, რა შეიძლება მოუვიდეს დამარინადებულ ადამიანს.

აი, HBO Max-ის ახალი კომედიური ფილმი An American Pickle სწორად ამ ძალიან უჩვეულო კითხვაზე გაგვცემს პასუხს სრულიად უჩვეულო გზით.

თუ არ გჯერათ, მაშინ ფილმის სულ ახლახანს გამოსული ძალიან სასაცილო ტრეილერი უნდა ნახოთ:

An American Pickle-ის სიუჟეტი 1920 წელს მცხოვრები პოლონელი მუშის, ჰერშელ გრინბაუმის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც აშშ-ში გადაწყვეტს ემიგრაციაში წასვლას ამერიკული ოცნების ასახდენად და მწნილების ქარხანაში დაიწყებს მუშაობას.

ალბათ, გრინბაუმს თავისი ცხოვრების განვითარების ბევრნაირი ვერსია ჰქონდა წარმოდგენილი, თუმცა არა ისეთი, როგორც რეალურად განვითარდა მოვლენები: ის ერთ დღესაც მოულოდნელად მწნილისთვის გამზადებული სპეციალური სითხით სავსე დიდ კასრში ჩავარდა.

სწორედ აქედან იწყება ნამდვილი თავგადასავალი: ფილმის მთავარი გმირი მხოლოდ 100 წლის შემდეგ, 2020 წელს გაიღვიძებს და აღმოაჩენს, რომ ყველა მისთვის საყვარელი და ნაცნობი ადამიანი დაიღუპა.

სანაცვლოდ თავის შვილიშვილს შეხვდება, რომელიც ეცდება, "სხვა დროიდან" გადმოსულ ბაბუას თანამედროვე ეპოქა გააცნოს.

" - ეს მამაშენია?
- არა, დევიდ ბოუია.
- ეს დედაშენია?
- არა, ესეც დევიდ ბოუია", — გვესმის ბაბუასა და შვილიშვილს შორის დიალოგი ტრეილერის ბოლოს.

აღსანიშნავია, რომ ამ ორივე როლს ცნობილი კომიკოსი სეთ როგენი ასრულებს, რომელსაც აქამდე ისეთი ცნობილი პროექტებში მიუღია მონაწილეობა, როგორებიცაა Superbad, Pineapple Express და Sausage Party.

ფილმის პრემიერა 6 აგვისტოსაა დაგეგმილი და მაყურებელსაც ამ წარმოუდგენლად კომიკური ისტორიიდან დანარჩენი აბსურდული სცენების ხილვა და შეფასებაც სწორედ მაშინ შეეძლება.