გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 ივლისამდე საქართველოში ჰაერის მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება. კერძოდ, 7 ივლისს დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლებელია 40-42, მთიან რაიონებში — 35-37, ხოლო შავი ზღვის სანაპირო ზოლში — 33-35 გრადუსს მიაღწიოს.

სააგენტოს ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოში 7-8 ივლისს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ბარში — 34-39, მთიან რაიონებში კი 29-34 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

რაც შეეხება 8 ივლისს, სააგენტოში ამბობენ, რომ დღის მეორე ნახევრიდან 11 ივლისამდე შედარებით აგრილდება. მათი თქმით, დროგამოშვებით იწვიმებს, ზოგან ძლიერად, შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.

უწყებაში განმარტავენ, რომ ჰაერის მაღალი ტემპერატურა ხელს უწყობს ტყის ხანძრების გაჩენას. ასევე, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია, საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.