უფლებადამცველი ანა არგანაშვილი 11 წლის შვილთან ერთად თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში კარანტინში იმყოფება. დედის თქმით, კარანტინში ბავშვისთვის არც შესაბამისი სივრცე და არც შესაბამისი კვებაა, რის გამოც თვითიზოლაციაში გადაყვანას მოითხოვს. მან სასამართლოს უკვე მიმართა.

როგორც ის On.ge-სთან ყვება, აშშ-დან საქართველოში 27 ივნისს დაბრუნდა, მანამდე კი თვითიზოლაციაზე შესაბამისი მოთხოვნა დაწერა. თუმცა არგანაშვილის თქმით, საზღვრიდან ორი კვირით პირდაპირ კარანტინში ისე გადაიყვანეს, რომ არც მისთვის და არც ბავშვისთვის არაფერი უკითხავთ.

ანა აპროტესტებს იმას, რომ კარანტინში ბავშვის განვითარებისთვის ადეკვატური სივრცე არ არის და მისი შვილი შესაბამის კვებას ვერ იღებს. გარდა ამისა, ის ამბობს, რომ მსგავს მდგომარეობაში სხვა მშობლებიც არიან.

"ოთახში არ მაქვს რაიმეს გაკეთების საშუალება. ფაფა რომ მოვუხარშო, მაგის საშუალებაც არ მაქვს. ხომ არ შეიძლება, ბავშვმა 14 დღე ჭამოს ძეხვი და სოსისი, დავუშვათ ხო? ბავშვს უნდა ფაფა. და კიდევ უარესი — სარეცხს ვერ ვრეცხავ. ხელსაბანში ვერ გავრეცხავ სარეცხს, პატარაა. ელემენტარულად, ხო შეუძლიათ შეიმუშავონ სტანდარტი, რომ, როდესაც არის ბავშვი, ამ ასაკამდე სჭირდებათ სივრცე. მე ასეთი არჩევანი დამიყენეს, რომ სამ ადამიანზე ან ორი საწოლი და აივანი, ან სამი საწოლი. ეს არ არის არჩევანი. ეს ნიშნავს იმას, რომ უბრალოდ ბავშვები არ აინტერესებთ", — აცხადებს არგანაშვილი.

თვითიზოლაციაში გადაყვანისთვის მან ჯანდაცვის მინისტრს და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს წერილობით მიმართა, თუმცა პასუხი ვერ მიიღო და არც ის დაუსაბუთეს, რატომ რჩებოდა კარანტინში. რამდენიმე საათის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე, 1505-ზე რეკავდა, თუმცა იქაც არავინ უპასუხა.

არსებულ პირობებთან დაკავშირებით მან ფეისბუქზე სტატუსი დაწერა, რასაც საკვების ფოტო დაურთო. როგორც იგი ამბობს, კარანტინის ერთ-ერთი თანამშრომელი მასთან მივიდა და უთხრა, რომ სამინისტროდან დარეკეს და ფოტოს წაშლა მოსთხოვეს.

არგანაშვილს მიაჩნია, რომ თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს და სასამართლოს უკვე მიმართა, თუმცა ხარვეზი დაუდგინეს.

"დღეს, სამწუხაროდ, ხარვეზი დამიდგინდა — მომთხოვეს დამესაბუთებინა, რომელი აქტით შემეზღუდა [თავისუფლება]. ეს არ ვიცი, რადგან კარანტინში ასეთი საბუთები ჩემთვის არავის ჩაუბარებია. არავინ აღმიქვამს, როგორც სუბიექტს, როგორც ბავშვის დედას ან წარმომადგენელს. არანაირი აქტი არ მაქვს. მივწერე სასამართლოს და იმედი მაქვს, რომ დააკმაყოფილებს. ამავე დროს, მაქვს ინფორმაცია, რომ არიან ვიღაცები თვითიზოლაციაში, იგივე ბავშვიანები, ანუ რას ნიშნავს, კანონი ყველასთვის ერთი არ არის?", — აღნიშნავს იგი.

ბავშვების თვითიზოლაციაში მოთავსების კრიტერიუმები გაუგებარია ქალთა მოძრაობისთვის. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, კარანტინში განთავსებამდე არ ხდება ბავშვებთან ან მათ მშობლებთან გასაუბრება და მათი საჭიროებების შეფასება, შესაბამისად, გადაწყვეტილება არ არის ორიენტირებული:

"ბევრ ბავშვს დახურულ და პატარა სივრცეში ეწყება ფსიქოლოგიური პრობლემები, რომელიც გამოხატულია დეპრესიული ფონით, შფოთვებით, გაღიზიანებადობით; ეს თავის მხრივ ამძიმებს მშობლების ფსიქოლოგიურ მდგომარეობასაც".

ამასთან, ქალთა მოძრაობაში აცხადებენ, რომ დაფიქსირდა დედებზე ზეწოლის შემთხვევები, რათა მათ საჯაროდ არ ისაუბრონ კარანტინში შექმნილი პრობლემების შესახებ.

"როდესაც კვალიფიციური იურისტი და უფლებადამცველი ქალი ვერ ახერხებს საკუთარი შვილის უფლებების ეფექტურ დაცვას და მასაც კი თხოვენ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების წაშლას, წარმოგვიდგენია, რა მდგომარეობაში არიან სხვა დედები, რომლებსაც არ აქვთ სპეციალური ცოდნა", — ნათქვამია მათ განცხადებაში.

არასრულწლოვნების კარანტინში მოთავსებას ბრიფინგის დროს გამოეხმაურა პრემიერმინისტრის სპიკერი, ირაკლი ჩიქოვანი. როგორც მან განაცხადა, სახელმწიფოს მხრიდან მიღებულია ზომები, რომ ოჯახები ადეკვატურ ფართებში განთავსდნენ.

ჩიქოვანის თქმით, საკოორდინაციო საბჭოს მიერ ოპერაციულ შტაბს დაევალა, რომ არასრულწლოვნების კარანტინში განთავსებასთან დაკავშირებით დამატებითი რეკომენდაციები შემუშავდეს. დეტალებზე მას არ უსაუბრია.