დღეიდან, 6 ივლისიდან, ტრენინგებისა და კონფერენციების ჩატარება დახურულ სივრცეშიც შეიძლება. გარდა ამისა, გაიხსნა პროფესიული სასწავლებლებიც, რომლებმაც შესაბამისი შემოწმება გაიარეს. დასაშვები გახდა ღია სივრცეში არსებული ატრაქციონების ფუნქციონირებაც. ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე პრემიერმინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

"უკვე დღეიდან, 6 ივლისიდან შესაძლებელია ტრენინგებისა და კონფერენციების ჩატარება დახურულ სივრცეშიც, ასევე, გაიხსნა პროფესიული სასწავლებლები, რომლებმაც გაიარეს შესაბამისი შემოწმება ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის მხრიდან და დასაშვები გახდა ღია სივრცეში არსებული ატრაქციონების ფუნქციონირება. მინდა, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი იმ გარემოებას, რომ ეს შემსუბუქებები, რომლებზეც ჩვენ გვაქვს საუბარი აუცილებელია, განხორციელდეს ყველა იმ რეკომენდაციისა და პროტოკოლის დაცვით, რომელიც აქვს ჯანდაცვის სამინისტროს, ვინაიდან, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ის შედეგები, რომლებიც დღეს გვაქვს მიღწეულ იქნა სწორი, თანმიმდევრული ქმედებებით, არ შეიძლება ამ ეტაპზე უგულებელყოფა იმ რეგულაციებისა, რა რეგულაციებიც გვაქვს ქვეყანაში", — თქვა ჩიქოვანმა.

დახურულ სივრცეებში ტრენინგების ჩატარება, საბავშვო ატრაქციონები რამდენიმე თვის წინ, კორონავირუსის გამო აიკრძალა. ამავე მიზეზით არ იყო დაშვებული სასწავლო პროცესი პროფესიულ სასწავლებლებში. ამ დროისთვის, შეზღუდვების დიდი ნაწილი მოხსნილია.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 953-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულია 830 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 828 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 192.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: