პრემიერმინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, "უახლოეს პერიოდში შიდა ფრენები აღდგება". შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ შიდა ფრენების აღდგენის თარიღი 15 ივლისია.

მართალია, ჩიქოვანს არ დაუკონკრეტებია, დაახლოებით რა პერიოდზეა საუბარი, თუმცა აღნიშნა, რომ ეს ფაქტი შიდა ტურიზმის "ხელშემწყობი და თანმდევია", შიდა ტურიზმის გახსნა კი სწორედ ამ დროს არის დაგეგმილი.

"აღდგება შიდა ფრენები, რაც საშუალებას მისცემს ჩვენს მოქალაქეებს, უფრო მარტივად და სწრაფად დაათვალიერონ ის ადგილები, რაც დაშორებულია დედაქალაქიდან ან მათი საცხოვრებელი ადგილიდან. უახლოეს პერიოდში ეს აღდგება", — განაცხადა ჩიქოვანმა.

როგორც ცნობილია, საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის გახსნა 31 ივლისამდე გადადიოდა და მხოლოდ ჩარტერული რეისები სრულდება. დღეს ცნობილი გახდა, რომ ივლისში დაინიშნა ახალი სპეცრეისები საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში დასაბრუნებლად.