პრემიერმინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ივლისში სპეციალურ ჩარტერულ რეისებს, საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში დასაბრუნებლად, Wizz Air და Myway Airlines განახორციელებს. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ივლისში ფრენები 5 ქალაქიდან დაემატება, ესენია:

  • 13 ივლისი — ვარშავა;
  • 15 ივლისი — ბარსელონა;
  • 17 ივლისი — რომი;
  • 22 ივლისი — პარიზი;
  • 28 ივლისი — ათენი.

ჩიქოვანის განცხადებით, სპეცრეისზე ბილეთის ფასი ისევ 200 ევრომდე იქნება და მოქალაქეები ვალდებულები იქნებიან, 14-დღიანი კარანტინი გაიარონ, რომელსაც სახელმწიფო უზრუნველყოფს.

ამ დრომდე სპეცრეისებს, მთავრობის გადაწყვეტილებით, ძირითადად, Georgian Airways ახორციელებდა და ბილეთის ფასი მაშინაც 200 ევრომდე იყო. თუმცა, მას შემდეგ რაც სპეცრეისები დასრულდა, ამ კომპანიის ჩარტერულ რეისებზე ფასი საგრძნობლად გაიზარდა, რასაც მოქალაქეების უკმაყოფილება მოყვა.

მას შემდეგ, რაც მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველ ივლისს საერთაშორისო ფრენები არ აღდგა, საკოორდინაციო საბჭომ განაცხადა, რომ მოქალაქეების დასაბრუნებლად სპეცრეისები განახლდებოდა და ბილეთის ფასი ისევ 200 ევრო იქნებოდა.