ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების მტკიცებით, კორონავირუსით ინფიცირებული ყველა პაციენტი გამოჯანმრთელდა. როგორც მათი პროსახელისუფლებო გამოცემა წერს, 85-ვე ინფიცირებული პაციენტი გაწერეს, ახალი შემთხვევა კი არ დაფიქსირებულა. უცნობია რამდენად ზუსტია ეს მონაცემები, რადგან საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას ოკუპირებულ რეგიონიდან ზუსტი ინფორმაცია არ აქვს.

დე ფაქტო რესპუბლიკის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 5 მაისს დაფიქსირდა. მათივე თქმით, დაკვირვების ქვეშ არის 236 ადამიანი, აქედან სტაციონარშია 159.

ოკუპირებულ რეგიონში დაფიქსირებული შემთხვევების აბსოლუტური უმრავლესობა რუსეთს უკავშირდებოდა. მას შემდეგ, რაც პანდემია გამოცხადდა საქართველოს ორივე ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო მმართველებმა ე.წ. საზღვრები ჩაკეტეს თითქმის ყველასთვის, რუსეთის გარდა.

რამდენიმე თვის წინ, BBC-სთან საუბრისას ექიმმა ოკუპირებული ცხინვალიდან განაცხადა, რომ მთელ რეგიონში 26 ხელოვნური სუნთქვის აპარატი აქვთ და მისი გამოყენება დაახლოებით შვიდმა ადამიანმა იცის. მისი თქმით, მხოლოდ 25 პაციენტის მართვას შეძლებენ, ინფიცირებულთა ზრდის შემთხვევაში კი პრობლემები შეექმნებათ.

ოკუპირებულ რეგიონში პრობლემები აქვთ სამედიცინო აღჭურვილობის მხრივაც. მაგალითად, Jam News-მა აპრილის დასაწყისში გაავრცელა ინფორმაცია, რომ აღჭურვილობის არარსებობის გამო, ქირურგმა კლინიკაში მისვლაზე უარი თქვა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, წითელ ჯვართან თანამშრომლობენ, რომელიც ერთადერთია, ვისაც აქვს წვდომა ცხინვალის რეგიონში და მუშაობს იმისთვის, რომ ყველაზე მოწყვლად პირებს ახალგორში და დანარჩენი ცხინვალის რეგიონში გაუწიოს გარკვეული ჰუმანიტარული დახმარება.

"არ არის სიახლე, რომ სამწუხაროდ, ჯანდაცვის სისტემა არ არის გამართული და ვერ აწვდის ხარისხიან მომსახურებას მოსახლეობას. მე მინდა იმედი გამოვთქვა და ვუსურვო ჩვენს მოქალაქეებს მალე გამოჯანმრთელება. აქვე ხაზგასმით და კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი მზაობა, რომ დავეხმარებით ჩვენს მოსახლეობას, მათ შორის კოვიდინფიცირებულებს", — განაცხადა ციხელაშვილმა.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: