კორონავირუსის პანდემიის გამო წელს კინოინდუსტრია ნამდვილად ვერ გვანებივრებს ახალი ფილმებით. ბევრ სტუდიას მოუწია თავისი ფილმების პრემიერების გადაწევა დახურული კინოთეატრებისა თუ აშშ-ში ვირუსის ბოლოდროინდელი მოჭარბებული აფეთქებების გამო.

თუმცა, როგორც ჩანს, ივლისიდან კინოს მონატრებულ მაყურებელს თავშესაქცევი შეეძინება — გთავაზობთ წინა კვირის ცხრა ახალ ტრეილერს.

1. Soul

Pixar-ის შემდეგი ანიმაციური ფილმი Soul შთამბეჭდავად გამოიყურება! ის მოგვითხრობს სკოლის მუსიკის მასწავლებლის შესახებ, რომელიც უკვე წლებია, რაც ოცნებობს სცენაზე ჯაზის შესრულებას. ფილმის გამოსვლა აშშ-ში 20 ნოემბერს იგეგმება.

2. Black is King

მალე ვიხილავთ ბიონსეს მორიგ, განსაცვიფრებული ვიზუალის მქონე ფილმს, რომელიც მომღერალმა თვითონვე დაწერა და გადაიღო. ფილმი ექსკლუზიურად Disney Plus-ზე გამოვა და შთაგონებულია მეფე ლომით, რომლის შარშანდელ რიმეიქშიც მონაწილეობდა მომღერალი და რომელთანაც, სავარაუდოდ, თემატურადაც იქნება დაკავშირებული. თუმცა, საერთო ჯამში, ფილმი ბიონსეს ვიზუალური ალბომების შთამბეჭდავი ხაზის უახლეს ჩანაწერს ჰგავს. Black is King 31 ივლისს გამოვა.

3. The Old Guard

შარლიზ ტერონი Netflix-ის ახალ ფილმში მონაწილეობს. The Old Guard მოგვითხრობს უკვდავი დაქირავებული ჯარისკაცების ჯგუფის შესახებ, რომლებსაც საუკუნეების განმავლობაში მრავალი ბრძოლა გამოუვლიათ. ერთი შეხედვით, ცოტათი სასაცილო წინაპირობა და მშვენიერი საბაბია ბევრი ექშენისთვის. ფილმი 10 ივლისს გამოვა.

4. Respect

ჯენიფერ ჰადსონი სოულის ლეგენდის, არეტა ფრანკლინის, როლს შეასრულებს Respect-ში — ახალ ბიოგრაფიულ სურათში, რომელშიც მოთხრობილია ფრანკლინის გზა ვარსკვლავობის მწვერვალამდე — რაც ჰადსონისთვის მშვენიერი საბაბია მრავალი კლასიკური კომპოზიციის დასაქავერებლად. Variety-ს ცნობით, ფილმის წარმოებაში თვითონ არეტა ფრანკლინიც იყო ჩართული გარდაცვალებამდე, 2018 წლამდე. ფილმის გამოსვლა 25 დეკემბრისთვის იგეგმება.

5. Greatness Code

Apple TV Plus-ის უახლესი სერიალი Greatness Code გამოირჩევა უცნაური, შიგადაშიგ წყვეტილი და ექოსებრი ვიზუალით. შოუ, ერთი შეხედვით, საკმაოდ მარტივია — მასში ყველაზე ცნობილი სპორტსმენები თავიანთი საუკეთესო და ყველაზე მძიმე მომენტების შესახებ საუბრობენ — თუმცა ველით, რომ ეს ყოველივე სრულიად საუცხოოდ და სპორტული დოკუმენტური ფილმისთვის უჩვეულოდ იქნება შეფუთული. სერიალი 10 ივლისს გამოდის.

6. Cursed

წარმოგიდგენთ Netflix-ის ახალ სერიალს Cursed, რომელიც მეფე არტურის ლეგენდის გადააზრებაა. სერიალში ლეგენდარულ ხმალს ახალგაზრდა გოგონა ნიმუე ეუფლება — მშვენიერი თინეიჯერული ფენტეზი თავგადასავალი უნდა გამოდგეს. შოუს დებიუტი 17 ივლისს შედგება.

7. Boys State

Boys State-ს მშვენიერი შეფასებები ჰქონდა სანდენსის კინოფესტივალზე და მალე ის Apple TV Plus-ზე გამოდის. დოკუმენტური ფილმი გვიამბობს თინეიჯერი ბიჭებისთვის განკუთვნილი სახელმწიფო პროგრამის შესახებ ტეხასში და გვაჩვენებს, რომ შეჯიბრი მალევე გარდაიქმნება "ამერიკის პოლიტიკის ყველა ნაკლოვანების" ასახვად, როგორც ტაშა რობინსონმა დაწერა Polygon-ზე. ფილმი კინოთეატრებში 31 ივლისს გამოვა, ონლაინ კი 14 აგვისტოდან იქნება ხელმისაწვდომი.

8. Bloody Nose, Empty Pockets

Bloody Nose, Empty Pockets დოკუმენტური ფილმია — ნუ, ერთგვარი — რომელშიც ნაჩვენებია ლას-ვეგასის ერთ-ერთი დაივ-ბარის უკანასკნელი ღამე მუდმივი კლიენტებით, რომლებიც სივრცეს მხიარულებას სძენენ. თუმცა, ფილმი ასევე... მთლად დოკუმენტურიც არ არის. ბარი ნიუ-ორლეანში მდებარეობს, მსახიობები კი გადაღებისას მოფიქრებულ პერსონაჟებს განასახიერებენ. ამას ზუსტად რა ეწოდება, არ ვიცით, მაგრამ საინტერესოდ გამოიყურება. ფილმი 8 ივლისს გამოვა.

9. Kids See Ghosts

კარგი გამოვა? წარმოდგენა არ გვაქვს. სხვა თუ არაფერი, ეს ორწუთიანი ტიზერი საკმაოდ თავბრუდამხვევია. Kids See Ghosts ტაკაში მურაკამის გადაღებული ანიმაციაა, რომელიც ეფუძნება კანიე ვესტისა და Kid Cudi-ს დუეტის ამავე სახელწოდების ჰიპ-ჰოპ ალბომს. ანიმაციის გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.