ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრსა და ახალგაზრდა მწვანეების აქტივისტს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება ხულიგნობის მუხლით დაიწყო. ამბროლაურში რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ყოფილმა გუბერნატორმა და ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ოთარ სირაძემ ახალგაზრდა მწვანეების აქტივისტს, ნიკოლოზ ბაქრაძეს ცემა. დაპირისპირება დღეს, 4 ივლისს ონის ჰესების კასკადის წინააღმდეგ გამართული აქციის შემდეგ მოხდა.

ვიდეოში, რომელიც ინციდენტის შემსწრემ და ერთ-ერთმა აქტივისტმა მარიამ ვაცაძემ გადაიღო, ჩანს, რომ სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ ოთარ სირაძე აქტივისტ ნიკოლოზ ბაქრაძის ცემას იწყებს. კიდევ ერთი ვიდეოკადრები მეორე აქტივისტმა, ნათია აროშვილმა გადაიღო და On.ge-ს მიაწოდა. ამ კადრებში ჩანს, რომ დაპირისპირების მონაწილე მეორე პირი აქტივისტ ნიკოლოზ ბაქრაძეს აკავებს, ენმ-ის წევრი, ოთარ სირაძე კი მუშტებით სცემს.

მარიამ ვაცაძის ცნობით, ახალგაზრდა მწვანეების აქტივისტები ონში ჰესების საწინააღმდეგო აქციიდან მოდიოდნენ, რა დროსაც გზაში აქციაზე მონაწილე, 2005-2008 წლებში რაჭა-ლეჩხუმის გუბერნატორი, ოთარ სირაძე შეხვდათ. მის თქმით, აქტივისტებმა აქციაზე პარტიების მისვლა გააპროტესტეს:

"როდესაც სახლში მივდიოდით, ეს ადამიანი და მისი ძმა მანქანით მოგვიახლოვდნენ, გვლანძღავდნენ და გვაგინებდნენ. მალევე გადმოვიდნენ მანქანიდან და ნიკოლოზ ბაქრაძეს თავს დაესხნენ, რაც ამ ვიდეოშიც ჩანს. თავდასხმა გაგრძელდა ვიდეოს მიღმაც. იურისტებს და ჟურნალისტებს დავუკავშირდით უკვე. ნიკოლოზი ახლა კარგადაა".

მარიამ ვაცაძის ცნობით, პოლიციაში უკვე გამოიკითხა აქტივისტი ნიკოლოზ ბაქრაძე. შსს საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით იძიებს.