პრემიერმინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ საქართველოს კანონმდებლობა არავის აძლევს საშუალებას რომელიმე მედიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩაერიოს. მეტიც, გახარია დარწმუნებულია, რომ მთავარი არხი მის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის საშუალებას არავის მისცემს. ასე გამოეხმაურა ის სუს-ის მოთხოვნას მთავარი არხიდან დაუმონტაჟებელი მასალის ამოღების თაობაზე, რომელიც სასამართლომ დააკმაყოფილა და რასაც კრიტიკულად აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

"დარწმუნებული ვარ, რომ მთავარი, რა სახის გამოძიებაც არ უნდა დაიწყოს საქართველოს რომელიმე საგამოძიებო ორგანომ, არ დაუშვებს, რომ მის სარედაქციო პოლიტიკაში ვინმე ჩაერიოს. ამაში ვარ სრულად დარწმუნებული. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს სამართლებრივი ჩარჩო დღეს არავის აძლევს შესაძლებლობას, რომ პოლიტიკური ან რამე სხვა თვალსაზრისით რომელიმე მედია საშუალების სარედაქციო პოლიტიკაში ჩაერიოს", — თქვა გახარიამ.

25 ივნისს ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ტელეკომპანია მთავარ არხზე გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით გამოძიება საბოტაჟის მუხლით მიმდინარეობს. სიუჟეტის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მოქალაქეებს ოჯახის წევრების გარდაცვალების მიზეზად კორონავირუსის მითითების სანაცვლოდ ფულს სთავაზობდნენ და შედეგად, კორონავირუსით დაავადებულთა სტატისტიკის ხელოვნურად გაზრდას ცდილობდნენ.

სუს-ში ჩვენების მისაცემად სიუჟეტის რესპონდენტები, ჟურნალისტები და პოლიტიკოსები დაიბარეს. უწყების დატოვების შემდეგ, რესპონდენტებმა განაცხადეს, რომ სიუჟეტში მათი სიტყვები დამონტაჟებულია.

ამასთან, 2 ივლისს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, მთავარი არხისგან, სასამართლო განჩინების საფუძველზე, სიუჟეტთან დაკავშირებულ დაუმონტაჟებელ ვიდეო მასალას გამოითხოვს.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, მედიის მიერ პროფესიული სტანდარტების შესაძლო დარღვევისას ყველა პირს აქვს შესაძლებლობა, გამოიყენოს თვითრეგულირების მექანიზმები და მიმართოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიას ან ტელევიზიაში შექმნილ თვითრეგულირების ორგანოს. ამის ნაცვლად, გამოძიების დაწყება და საქმის სისხლის სამართლით დასჯად ქმედებათა ჭრილში გადატანა, TI-ს შეფასებით, სახიფათო პრეცედენტს ქმნის და "მსუსხავი ეფექტის" საფრთხეს აჩენს.

როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, ბოლო პერიოდში ხელისუფლების მხრიდან მედიის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები განსაკუთრებით საშიშ პრეცედენტებს ქმნის და გამოუსწორებელ ზიანს აყენებს მედიაგარემოს.