პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, სახმელეთო საზღვრებიჯერ არ გაიხსნება, რადგან ნაჩქარევ ნაბიჯებს ვერ გადადგამენ. მისი თქმით, მოქალაქეებისა და სატვირთოს მძღოლების შემოსვლისას კონტროლი ეფექტურია, თუმცა საზღვრების ფართოდ გახსნას ჯერ არ გაგმავენ.

"სახმელეთო საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით ჯერ ჩვენ ნაჩქარევ ნაბიჯებს ვერ გადავდგამთ, არ გადავდგამთ. სახმელეთო საზღვარზე მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის, ისევე, როგორც ყველაფერი დაკავშირებული ტვირთების გადაზიდვასთან, არის აბსოლუტურად ყველანაირი შეფერხების გარეშე", — განაცხადა პრემიერმა.

30 ივნისს ევროკავშირის საბჭომ გამოაქვეყნა იმ 15 "უსაფრთხო" ქვეყნის სია, რომელთანაც პირველი ივლისიდან მოგზაურობას აახლებს. მათ შორის მოხვდა საქართველოც.

მოგზაურთა დასაშვებად, მესამე ქვეყნებისთვის განმსაზღვრელია ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და უსაფრთხოების ზომები, როგორიცაა, ფიზიკური დისტანცია და ეკონომიკური და სოციალური მოსაზრებები. საბჭოს განცხადებით, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის თვალსაზრისით, მესამე ქვეყნები შემდეგ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ:

  • კორონავირუსის ახალი შემთხვევები 14 დღის განმავლობაში 100 000 ადამიანზე ევროპის საშუალო მონაცემებთან ახლოს ან ქვემოთ (2020 წლის 15 ივნისის მდგომარეობით);
  • ახალი შემთხვევების სტაბილური ან კლებადი ტენდენცია აღნიშნულ პერიოდში, წინა 14 დღესთან შედარებით;
  • ზოგადი პასუხი COVID-19-თან, სადაც მხედველობაში მიიღება ტესტირება, დაკვირვება, კონტაქტების მოძიება, მკურნალობა და ინფორმაციის სანდოობა. ასევე, საჭიროების შემთხვევაში ჯანდაცვის საერთაშორისო რეგულირების საშუალო ქულა.

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი და მასში შემავალი ქვეყნების ნაწილი საქართველოსთვის საზღვრებს ხსნიან, მთავრობის გადაწყვეტილებით რეგულარული ფრენები აგვისტომდე გადაიწევს. ამ ხნის განმავლობაში კი ჩარტერული რეისი დაინიშნება.

რეგულარული ფრენების გადადების მიზეზად მთავრობაში უსაფრთხოებას ასახელებენ, რომელიც კორონავირუსის პანდემიის პირობებში უნდა დაიცვან.

ამავე თემაზე: