პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე უწყებებმა "უახლოეს საათებსა და დღეებში" უნდა გასცენ კითხვებს პასუხი. მისი თქმით, ამ თემაზე მძიმე გამოცდილება აქვს და "გაკვეთილები ყველამ უნდა ისწავლოს"

"შესაბამის საგამოძიებო უწყებებს აქვს პირდაპირი ვალდებულება ჩვენი საზოგადოების წინაშე, რომ უმოკლეს ვადებში არ დატოვონ არცერთი კითხვის ნიშანი. ბოლო კითხვა რაც შეიძლება იყოს, შეიძლება დაუსაბუთებელი, მაგრამ ბოლო მოქალაქესაც რომ ჰქონდეს კითხვა, ამ კითხვაზე სასწრაფოდ უნდა იყოს გაცემული პასუხი.

მე პირადად და ჩვენ ამის ძალიან მძიმე გამოცდილება გვაქვს და ჩვენ ჩვენი გაკვეთილები უნდა ვისწავლოთ.

უახლოეს საათებში და დღეებში ყველა დასმულ შეკითხვას საზოგადოების მხრიდან შესაბამისმა საგამოძიებო უწყებებმა პასუხი უნდა გასცენ, ეს არის მათი ვალდებულება. დარწმუნებული ვარ, რომ ასეც იქნება", — განაცხადა მან.

19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ 22 ივნისს, მდინარე არაგვში იპოვეს. შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 17-ვე პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. დაკავებულებს ბრალი ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე აქვს წარდგენილი.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით, 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

პროკურატურის ინფორმაციით, საქმის ირგვლივ გამოიკითხა 60-მდე პირი და მოწმეთა დაკითხვა ამ ეტაპზეც გრძელდება, მოპოვებულია მომხდარი ფაქტების ამსახველი ვიდეომასალაც.

უწყება აცხადებს, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიღების და გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზის დადგენის შემდეგ საქმეს შესაბამისი შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა.

ამავე თემაზე: