ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო აცხადებენ სასტიპენდიო პროგრამას რეგიონებში მცხოვრები და ადგილობრივი თვითმმართველობით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის.

"ამ პროექტის წყალობით, მე მივიღე ბევრი ცოდნა და გამოცდილება, თუ როგორ მუშაობს მუნიციპალიტეტის მერია და თავად ჩავერთო პროცესში. მე მივხდი, რომ ახალგაზრდის როლი მუნიციპალიტეტის ცხოვრებაში ძალიან დიდი და მნიშვნელოვანია. ასეთი პროექტები ხშირად უნდა განხორციელდეს, რათა მუნიციპალიტეტის ცხოვრებაში გაჩნდეს უფრო მეტი ახალგაზრდა, ხოლო ეს ყველაფერი მუნიციპალიტეტს გახდის უფრო მეტად კრეატიულს, ეკონომიკურად მდგრადს და თანამედროვე სტანდარტებზე მორგებულს", — იხსენებს 2019 წლის სტიპენდიატი თელავიდან, თაზო ხალხელაური.

სასტიპენდიო პროგრამა წელს ექვს მუნიციპალიტეტში ცხადდება: თელავი, გორი, ქარელი, საჩხერე, ჭიათურა, ქედა და ზუგდიდი.

თითოეულ მუნიციპალიტეტში ღია კონკურსის საფუძველზე შეირჩევა ორი სტიპენდიატი, რომელიც ერთი თვის განმავლობაში იმუშავებს მუნიციპალიტეტის მერიაში და ჩაატარებს კვლევას თანამონაწილეობის საკითხებზე.

"ეს სასტიპენდიო პროგრამა, რომელსაც ევროპულ-ქართული ინსტიტუტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების დახმარებით ახორციელებს, არის იშვიათი და უნიკალური შანსი, რომ ახალგაზრდებმა საკუთარი წვლილი შეიტანონ საკუთარი მშობლიური კუთხის განვითარებაში. ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს აქვთ შესაძლებლობა, მოაგვარონ უამრავი საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის - სტიპენდიატებს ექნებათ შანსი, უკეთ გაიცნონ მუნიციპალიტეტის მუშაობა, ჩაატარონ კვლევა, მიიღონ ძალიან კარგი სტიპენდია, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ხელი შეუწყონ მათი მშობლიური კუთხის განვითარებას", — აღნიშნავს გიორგი მელაშვილი.

პროექტი წელს მეორედ ტარდება - გასულ წლის გორის სტიპენდიატი, ალექსანდრე ბიძინაშვილი, იხსენებს: "სასტიპენდიო პროგრამამ დიდი გამოცდილება მომცა, ეს იყო შესაძლებლობა ახალ ამპლუაში მემუშავა პროფესიული განვითარებისთვის და ამადროულად რაიმე სასიკეთო გამეკეთებინა მშობლიური ქალაქისა და რეგიონისთვის. ადგილობრივ მუნიციპალიტეტში მუშაობამ, მომცა შესაძლებლობა უკეთ გავცნობოდი თვითმართველობის სპეციფიკას."

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად და დეტალების სანახავად, გადადით ამ ლინკზე.

ევროპულ-ქართული ინსტიტუტი არის წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოში, რომელიც დემოკრატიის გაძლიერების, კანონის უზენაესობის ხელშეწყობისა და ახალგაზრდების საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის მიმართულებით მუშაობს.

2020 წლის პირველი აპრილიდან GIZ-მა დაიწყო ახალ პროგრამის განხორციელება - "კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში". საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროსთან სტრატეგიული თანამშრომლობით, პროგრამა ხელს უწყობს მოქალაქეზე ორიენტირებული ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული განვითარების სფეროების რეფორმირების პროცესს.