აშშ-ს საელჩო ულოცავს პარლამენტის ეუთო/ოდირის რეკომენდაციებზე დაფუძნებული საარჩევნო პაკეტის მიღებას, თუმცა აცხადებს, რომ ზოგიერთი მნიშვნელოვანი ხარვეზი კვლავ რჩება.

როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, მიღებული კანონი რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებას შეიცავს . მათ შორისაა, საჯარო სამართლის პირებისთვის სამუშაო საათებში საარჩევნო კამპანიის აკრძალვა, კამპანიის დაფინანსების განახლებული რეგულაციები, ზომები ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გასაზრდელად და უფრო მეტი გამჭვირვალობისთვის, მესამე მხარის დაფინანსების წესების განმტკიცება.

რაც შეეხება ხარვეზებს, საელჩო აღნიშნავს, რომ დამატებითი ზომების შემოღება ამომრჩევლის შესაძლო დაშინების წინააღმდეგ, საარჩევნო კომისიის წევრების არჩევის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, დავის გადაჭრის პროცესის განმტკიცება და COVID-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების გამო ალტერნატიული კამპანიის მეთოდების შესაძლებლობის უზრუნველყოფა ხელს შეუწყობდა საზოგადოებრივი ნდობის გაზრდას საარჩევნო პროცესებისადმი.

"დღეს მიღებული კანონი უნდა განხორციელდეს ეფექტურად, რათა მომავალი საპარლამენტო არჩევნები იყოს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე, რაც ასახავს ქართველი ხალხის ნებას. როგორც ყოველთვის, ამერიკის საელჩო ყურადღებით დააკვირდება არჩევნებს და მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს დემოკრატიულ წინსვლას", — აცხადებენ საელჩოში.

დღეს, 2 ივლისს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.

ცვლილებების თანახმად, საარჩევნო უბნიდან 25-მეტრის რადიუსში ამომრჩეველთან მიახლოება და მისი შეფერხება დასჯადი იქნება, თუმცა ეს არ შეეხება მედიისა და ეგზიტპოლების ჩამტარებელი ორგანიზაციებისთვის.

ამასთან, კანონით განისაზღვრა, რომ პარტიულ სიაში ყოველი მეოთხე განსხვავებული სქესის წარმომადგენელი უნდა იყოს.