საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო აცხადებს, რომ მთავარი არხის სიუჟეტზე საბოტაჟის საფუძვლით მიმდინარე გამოძიების პროცესი კითხვებს აჩენს, ამასთან, უხეში ჩარევაა მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში და ქმნის თვითცენზურის საფრთხეს.

25 ივნისს ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ტელეკომპანია მთავარ არხზე გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით გამოძიება საბოტაჟის მუხლით მიმდინარეობს. სიუჟეტის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მოქალაქეებს ოჯახის წევრების გარდაცვალების მიზეზად კორონავირუსის მითითების სანაცვლოდ ფულს სთავაზობდნენ და შედეგად, კორონავირუსით დაავადებულთა სტატისტიკის ხელოვნურად გაზრდას ცდილობდნენ. სუს-ში ჩვენების მისაცემად სიუჟეტის რესპონდენტები, ჟურნალისტები და პოლიტიკოსები დაიბარეს.

ამასთან, 2 ივლისს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, მთავარი არხისგან, სასამართლო განჩინების საფუძველზე, სიუჟეტთან დაკავშირებულ დაუმონტაჟებელ ვიდეო მასალას გამოითხოვს.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, მედიის მიერ პროფესიული სტანდარტების შესაძლო დარღვევისას ყველა პირს აქვს შესაძლებლობა, გამოიყენოს თვითრეგულირების მექანიზმები და მიმართოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიას ან ტელევიზიაში შექმნილ თვითრეგულირების ორგანოს. ამის ნაცვლად, გამოძიების დაწყება და საქმის სისხლის სამართლით დასჯად ქმედებათა ჭრილში გადატანა, TI-ს შეფასებით, სახიფათო პრეცედენტს ქმნის და "მსუსხავი ეფექტის" საფრთხეს აჩენს.

"გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ სიუჟეტი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ სტატისტიკის გაყალბებასა და შესაძლო სამოხელეო დანაშაულს ეხებოდა. ამ ფონზე, სიუჟეტში მოყვანილ შესაძლო დანაშაულებზე რეაგირების ნაცვლად, საბოტაჟის მუხლით გამოძიების წარმართვა არალოგიკურად გამოიყურება.

აღნიშნული გარემოებები აჩენს ეჭვს, რომ გამოძიება არა ფაქტების დადგენას, არამედ მედიის საქმიანობაზე ზეგავლენის მოხდენას, სხვა ტელევიზიებისთვის გამაფრთხილებელი სიგნალის გაგზავნასა და ხელისუფლების მიმართ კრიტიკის შეკავებას ისახავს მიზნად", — აღნიშნულია TI-ს განცხადებაში.

როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, ბოლო პერიოდში ხელისუფლების მხრიდან მედიის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები განსაკუთრებით საშიშ პრეცედენტებს ქმნის და გამოუსწორებელ ზიანს აყენებს მედიაგარემოს.