პრორუსული და ჰომოფობიური ქართული მარში პარტიის ყრილობას ილია ჭავჭავაძის მუზეუმში მართავს. დაჯგუფება, რომელიც მუდმივად ქსენოფობიურ და ანტიდასავლურ გზავნილებს ავრცელებს დღეს ამტკიცებს, რომ ქართული ლიბერალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლისა და პროდასავლური იდეების მქონე ილია ჭავჭავაძის პრინციპების გამგრძელებლები არიან.

მეტიც, ქართული მარში ფიქრობს, რომ თავად მუზეუმში ყოფნას იმსახურებენ, ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო კი არა. მათი ლიდერის, სანდრო ბრეგაძის ნება რომ იყოს, ოპოზიციას იქ შესვლას აუკრძალავდა.

"ნაციონალური მოძრაობა, ბოკერიას პარტია, ეს ურჯულოების კლასტერი ნამდვილად... მე საერთოდ ესეთ წესს დავაწესებდი, რომ ავკრძალავდი მათ არამარტო ილიას სახლმუზეუმში შემოსვლას, არამედ ყველა ისეთ ძირითად, ჩვენს ფუძემდებლურ, სახელმწიფოებრივ ადგილას ყოფნას, რომელსაც ისინი წაბილწავენ", — განუცხადა ბრეგაძემ ჟურნალისტებს ჭავჭავაძის სახლუმზეუმის ეზოში.

მუზეზუმის დირექტორი მთავარ არხთან საუბრისას ამბობს, რომ ეზოს 2 საათით დაქირავება მარშს 3 000 ლარი დაუჯდა. მისი თქმით, არ გაუგია რა აქვს გაკეთებული მარშს ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ და არც აინტერესებს რა იდეოლოგიას ემსახურება ეს დაჯგუფება.

ფოტო: კადრი ვიდეოდან / მთავარი არხი

შეგახსენებთ, რომ ძალადობრივი მოწოდებებით გამორჩეული ჯგუფი პოლიტიკურ პარტიად გადაკეთდა. გარდა პოლიტიკური პარტიის დაფუძნებისა, ბრეგაძე კონსულტაციებს მართავს, რომ მათი იდეოლოგიის მქონე ძალებისგან პოლიტიკური ცენტრი შეიქმნას.