პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა. მთავრობის ინფორმაციის შეხვედრაზე მხარეებმა პოლიტიკურ საკითხებზე, ქვეყნებს შორის თანამშრომლობასა და კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისთან გამკლავებაზე ისაუბრეს.

პრემიერმა ელჩს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა მიულოცა და მადლობა გადაუხადა ნდობისა და სტრატეგიული პარტნიორობისთვის.

"ჰუბერტ ქნირშმა აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი პოზიტიური შედეგები პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით და ამ ბრძოლაში ხაზგასასმელია როგორც ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებები, ისე საქართველოს მოქალაქეების ძალისხმევა", — წერია განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა გერმანიის და ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, აგრეთვე ერთგულება ევროინტეგრაციის პროცესების მიმართ და ეკონომიკაში საიმედო პარტნიორობა.

გერმანიის ელჩის განცხადებებს გასულ კვირას პოლიტიკოსებისა და პარტიების მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. ჰუბერტ ქნირშმა თქვა, რომ 8 მარტის შეთანხმებაში გიორგი რურუა ნახსენები არ ყოფილა. ეს განაცხადი მან 26 ივნისს ინტერპრესნიუსის ჟურნალისტის კითხვის პასუხად გააკეთა, სადაც ასევე ისაუბრა იმაზეც, რომ შეთანხმების იმპლემენტაციისთვის ორშაბათი, ანუ საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენა გადამწყვეტი იქნება.

"ბატონი რურუა არ არის ნახსენები ამ შეთანხმებაში. ეს ძალიან მკაფიოა, ყველას შეუძლია ამის წაკითხვა. გაკვირვებული ვარ, იმ დისკუსიის გამო, რაც პოლიტიკურ პარტიებს შორის გაიმართა, ერთმანეთის დადანაშაულების მცდელობა, როცა ოპოზიცია მმართველ პარტიას ადანაშაულებს კანონპროექტის ჩავარდნაში და პირიქით", — თქვა მან.

ამ განცხადების შემდეგ, ლეობორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა გერმანიის ელჩი "ივანიშვილის ლობისტად" მოიხსენია და მისი გაწვევა მოითხოვა.

ასევე, ჰუბერტ ქნირშის განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაციებმა უპასუხეს. ორგანიზაციები მნიშვნელოვნად მიიჩნევენ გერმანიის მხარდაჭერას საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესში, ამავე დროს, მათთვის გასაკვირია ელჩის შეფასებები.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ კი თქვა, რომ იგი შალვა ნათელაშვილის მსგავსად, საქართველოდან გერმანიის ელჩის გაწვევას არ ითხოვს, თუმცა სასურველია, რომ ისეთ ქვეყანას, როგორიც გერმანიაა, საქართველოში უფრო გამოცდილი ელჩი ჰყავდეს.

29 ივნისს, გერმანიის საელჩომ გაავრცელა განცხადება ინტერნეტ გამოცემა ტაბულას სტატიასთან დაკავშირებით, რომელიც ჰუბერტ ქნირშის ძველ ინტერვიუს ეყრდნობოდა.

მასალის სათაური: "კნირში 20 ივნისზე: პოლიციამ ხალხის საქციელის პირდაპირპროპორციულად იმოქმედა" მოგვიანებით შეიცვალა. ტაბულას განმარტებით, ცვლილების მიზეზი იყო ის, რომ სადაო გახდა ნიშნავს, თუ არა ფრაზა "პოლიციის რეაქცია საჭიროების შემთხვევაში გადაჭარბებული არ არის", იმას, რომ გამოყენებული ძალა ელჩის აზრით, პროპორციული იყო. საელჩოს განმარტებით, "სინამდვილეში ელჩმა განაცხადა, რომ პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენება გარკვეულ სიტუაციებში აუცილებელი შეიძლება გახდეს, მაგრამ პროპორციული უნდა იყოს".

გერმანიის ელჩთან დაკავშირებით გაკეთებულ საჯარო კომენტარებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ევროკავშირის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით და "გერმანიის ელჩის წინააღმდეგ პოლიტიკური აქტორებისა და მედიასაშუალებების თავდასხმები" დაგმეს.

ელჩის შესახებ გაკეთებულ საჯარო კომენტარებს გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა. მათ ევროკავშირის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით გაავრცელეს განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ გერმანიის ელჩის წინააღმდეგ პოლიტიკური აქტორებისა და მედიასაშუალებების თავდასხმებს გმობენ.