გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით 7 მოქალაქეს 3 000-ლარიანი ჯარიმა გაუუქმდა. ინფორმაცია პრესსამსახურმა დაადასტურა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, 21 აპრილს მათ გორში მცხოვრებმა შვიდმა მოქალაქემ მიმართა, რომლებიც საპატრული პოლიციის თანამშრომლებმა 17 აპრილს, საგანგებო მდგომარეობის დროს დისტანციის დაუცველობისთვის დააჯარიმეს. მათი თქმით, ჯარიმა უკანონო იყო, რადგან არ იმყოფებოდნენ ერთად და 3 ადამიანი იდგა ცალკე 2 მეტრიანი დისტანციის დაცვით, მათგან 40-50 მეტრის დაშორებით იდგა კიდევ სამი ადამიანი 2 მეტრიანი დისტანციის დაცვით, ხოლო ერთი მათგანი იდგა ცალკე.

საგანგებო მდგომარეობის დროს სოციალური დისტანციის დაცვის, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისა და 3-ზე მეტი პირის შეკრებისთვის 3 000-ლარიანი ჯარიმა იყო გათვალისწინებული.