6000-ზე მეტი ახალგაზრდა და 2000 მშობელი მიიღებს მხარდაჭერას ახალი ინიციატივის ფარგლებში, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდმა ორგანიზაციასთან გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში პარტნიორობით წამოიწყო და რომლის მიზანია COVID-19 პანდემიის დროს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალური შედეგების პრევენცია, პრობლემების იდენტიფიცირება და მათზე რეაგირება.

პროგრამის ფარგლებში მომზადდება ონლაინ სესიები მოზარდებისთვის მათი ფსიქოსოციალური და ემოციური სტაბილურობის მართვის, სტრესთან გამკლავების გზების, ქცევითი აშლილობების და სხვა საკითხების ირგვლივ. მოცემული ინიციატივა, ასევე, დაეხმარება მოზარდთა მშობლებს, რათა პოზიტიურად გადაჭრან და გაუმკლავდნენ იმ პრობლემებსა და სირთულეებს, რომელთაც აწყდებიან მოზარდები.

"არსებული კრიზისის პირობებში, ახალგაზრდები იმყოფებიან ფსიქიკური ჯანმრთელობის და ფსიქოსოციალური პრობლემების განსაკუთრებული რისკის ქვეშ", — განაცხადა ღასან ხალილმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში. "ვირუსით გამოწვეული შიში და შფოთი კიდევ უფრო ძლიერდება იმ პირობებში, როცა ახალგაზრდებს არ მიუწვდებათ ხელი სკოლებზე, თანატოლებთან ურთიერთობებზე და უწევთ მეგობრებთან და მშობლებთან ურთიერთობისას ახალ რეალობასთან მორგება. ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი ფსიქიკური ჯანმრთელობის მომსახურებების შექმნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ვიმედოვნებთ, რომ ამ ინიციატივის ფარგლებში ჩამოყალიბებული ფსიქიკური და ფსიქოსოციალური სტრუქტურები და სერვისები შექმნიან მოზარდებისა და მათი მშობლებისათვის გრძელვადიანი მომსახურების საფუძველს", — აცხადებს ხალილი.

პროექტი ცნობიერების ამაღლების აქტივობებს ითვალისწინებს 14-დან 18 წლამდე ახალგაზრდებისთვის თბილისში, გორსა და აჭარის რეგიონში. ის ასევე დაეხმარება მშობლებს პოზიტიური მშობლობის პროგრამით მიაღწიონ ეფექტურ კომუნიკაციას ახალგაზრდებთან. პროექტი ასევე უზრუნველყოფს დისტანციურ ფსიქოსოციალურ და ფსიქიკური ჯანმრთელობის აუცილებელ მხარდაჭერას თბილისსა და ბათუმში.

პროექტი 2020 წლის ბოლომდე გაგრძელდება.