მთავარი არხის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სუს-ის მიერ დაწყებულ გამოძიებას მედიის საქმიანობაში ჩარევად მიიჩნევს. მან On.ge-ს უთხრა, რომ ეს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ტელეკომპანიის სიუჟეტის გადაფარვას ემსახურება.

ამასთან, გვარამია ეხმაურება სუს-ის განცხადების იმ ნაწილს, სადაც უწყება ამბობს, რომ "დეზინფორმაციული კამპანიის ორგანიზატორები" პანიკის დათესვას ცდილობდნენ. მთავარი არხის დირექტორის თქმით, პანიკას ვერ დათესავდნენ და უფრო პირიქით, რადგან სიუჟეტი სწორედ იმაზე იყო, რომ გარდაცვალების მაჩვენებელი უფრო დაბალია.

"პანიკა როგორ უნდა დაგვეთესა, პირიქით, ვამბობდით, რომ სწევენ ხელოვნურად სტატისტიკას, იმიტომ რომ საარჩევნო მიზნებისთვის გამოიყენონ. ასეთი ინფორმაცია მოგვდის პრაქტიკულად საქართველოს ყველა კუთხიდან. ამით პანიკა როგორ უნდა გამოიწვიო და ეს რისი საბოტირებაა, ძალიან მაინტერესებს. პირიქით ხო, ადამიანებმა გაიგეს, რომ სინამდვილეში არ არის ასეთი მაღალი სტატისტიკა, უბრალოდ ვიღაცა რაღაცას მაიმუნობს. ამაზე იყო სიუჟეტი. ცხადია, რომ ეს ჩარევაა და მიზნად ისახავს შაქარაშვილის საქმის გადაფარვას. რამდენიც არ უნდა ეცადონ, შაქარაშვილის საქმე გაიხსნება, გაიხსნება მთავარი არხის დიდი მონაწილეობით", — ამბობს გვარამია.

რაც შეეხება სუს-ის მიერ დაუმონტაჟებელი კადრების მოთხოვნას და სასამართლოს შესაბამის განჩინებას, გვარამია ამბობს, რომ ყველა შესაბამის მასალას მიაწვდიან, რაც აქვთ.

"ყველაფერს მივცემთ. არკვევენ ახლა, რა გვაქვს და რა არა. იცით, რომ დაუმონტაჟებელი მასალა არ ინახება ყოველთვის. ვნახავთ და იმის მიხედვით მოვიქცევით. ჩვენ ყოველთვის ვიძლევით მასალას, ნებისმიერ ვითარებაში, როდესაც მოგვმართავენ, გამონაკლისების გარეშე", — უთხრა გვარამიამ On.ge-ს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამტკიცებს, რომ მთავარმა არხმა ფაქტები განზრახ დაამახინჯა. საუბარია სიუჟეტზე, სადაც ჟურნალისტი ამბობდა, რომ მარნეულში მოქალაქეებს სხვადასხვა დაავადებით გარდაცვლილი ნათესავების დაღუპვის მიზეზად კორონავირუსის მითითებაში ფულს სთავაზობდნენ. უწყება მთავარი არხისგან მასალის სრული, უწყვეტ და დაუმონტაჟებელი ვერსიის მიწოდებას ითხოვს. მათი თქმით, სასამართლომ შესაბამისი განჩინება უკვე გამოიტანა და მთავარი არხის ხელმძღვანელობას დღეს ჩაბარდება.