მთვარის გარეშე დედამიწაზე ცხოვრება შეუძლებელი იქნებოდა: იგი ჩვენი პლანეტის ღერძის სტაბილურობას უზრუნველყოფს, რაც, თავის მხრივ, სეზონებსა და კლიმატს არეგულირებს. მთვარის შექმნასთან დაკავშირებით უამრავი მოსაზრება არსებობს. ყველაზე პოპულარული ჰიპოთეზის თანახმად კი, მთვარე მარსის ზომის სხეულის, თეიას დედამიწასთან შეჯახებისას დატოვებული ნივთიერებათა ნარჩენებისგან შეიქმნა.

ახლახან ჩატარებულმა კვლევამ მთვარის კრატერების ფსკერზე არსებული მტვრის შემადგენლობასთან დაკავშირებით ახალი მიგნებები შემოგვთავაზა — მკვლევრებმა დაადგინეს, რომ მთვარე მეტალებით იმაზე მდიდარია, ვიდრე ეს აქამდე ეგონათ.

გუნდის მიხედვით, კრატერების მტვერი რეალურად მეტეორიტების გავლენით მთვარის ზედაპირის ქვემოდან გამოთავისუფლებული ნივთიერებებია. ხოლო როდესაც დიდ და ღრმა კრატერებში მეტალის შემცველობა პატარა კრატერებისას შეადარეს, აღმოაჩინეს, რომ ღრმა კატერებში მისი კონცენტრაცია უფრო მაღალი იყო.

ზემოთ აღნიშნული ჰიპოთეზის თანახმად, შეჯახების დროს დედამიწის მეტალით ღარიბი ქერქი ორბიტაზე აღმოჩნდა, რომელმაც დროთა განმავლობაში მთვარის სახე მიიღო. თუმცა ამ თეორიას საკამათოდ ის ხდის, რომ მთვარეზე მეტალების კონცენტრაცია იმაზე მაღალია, ვიდრე დედამიწაზე. მკვლევრების თქმით, მეტალების მსგავსი ოდენობა მთვარის წარმოქმნასთან დაკავშირებით ახალ კითხვებს ბადებს.

ეს მიგნება მთვარის წარმოშობის თეორიას ეჭვქვეშ აყენებს. შესაძლოა, რომ თეიასთან შეჯახება ჩვენი ადრეული დედამიწისთვის იმდენად გამანადგურებელი იყო, რომ ორბიტაზე ბევრად ღრმა ნაწილი გაიტყორცნა, ან შეჯახება მაშინ მოხდა, როდესაც დედამიწა ჯერ კიდევ ახალგზარდა და მაგმის ოკეანით დაფარული იყო.

"მთვარის ზედაპირის ქვეშ არსებული მეტალის რაოდენობის დადგენით მეცნიერები მისი ფორმირების შესახებ ბევრად მეტს გაიგებენ. ჩვენს მზის სისტემაში 200-ზე მეტი თანამგზავრია, იმის გაგებით, თუ რა როლს ასრულებენ ისინი პლანეტების ჩამოყალიბებასა და ევოლუციაში, შევძლებთ გავარკვიოთ, თუ როგორ და სად შეიძლება არსებობდეს სიცოცხლე და როგორი იქნება იგი", — განაცხადა კვლევის ავტორმა ესამ ჰეგიმ.

კვლევა პირველ ივლისს ჟურნალ Earth and Planetary Science Letters-ში გამოქვეყნდა.