პროკურატურის განცხადებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა პატიმართა სამკურნალო დაწესებულების ყოფილი დირექტორი. უწყება აცხადებს, რომ მას 2012 წლამდე პერიოდში, პატიმრის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის საქმეზე ედება ბრალი.

პროკურატურის ცნობითვე, 2019 წლის 31 იანვარს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საქმეზე — ალექსანდრე მანუკიანი საქართველოს წინააღმდეგ დაადგინა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა, რაც გულისხმობს წამების აკრძალვას.

ამავე საქმეზე პროკურატურის გამოძიების ვერსიით, 2008 წლის 18 იანვარს პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში, სამედიცინო მომსახურების მიზნით მყოფ მსჯავრდებულს, ალექსანდრე მანუკიანს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა დაწესებულების ექიმთან, რომელმაც მისი აზრით არასათანადო მკურნალობა გაუწია.

"მსჯავრდებულის მხრიდან გამოთქმული უკმაყოფილების გამო, ამავე დაწესებულების თანამშრომლებმა ალექსანდრე მანუკიანი იძულებით შეიყვანეს რენტგენის გადასაღებ ოთახში, სადაც ამ უკანასკნელს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ კვლავ დააბრუნეს სამკურნალო დაწესებულების მისაღებში.

ინციდენტზე ცნობილი გახდა დაწესებულების დირექტორისთვის, რომელმაც ნაცვლად იმისა, რომ მიეღო კანონით გათვალისწინებული ზომები, ალექსანდრე მანუკიანის დასჯის და დაშინების, მიზნით, დაწესებულების თანამშრომლებს უბრძანა, მისთვის დაედოთ ხელბორკილი და იზოლირებულად მოეთავსებინათ ოთახში.

დირექტორის უშუალო მონაწილეობით, დაწესებულების თანამშრომლები ძალადობრივი, არაადამიანური და დამამცირებელი მეთოდებით პატიმარს ჯგუფურად გაუსწორდნენ ფიზიკურად, მათ შორის სხვადასხვა საგნების გამოყენებით", — აცხადებს ბრალდების მხარე.

დაწესებულების ყოფილი დირექტორის მიმართ პროკურატურამ ბრალდების დადგენილება გამოიტანა, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის მეორე ნაწილის "ა" "ბ" "ე" და "ზ" ქვეპუნქტებით. ეს მუხლი გულისხმობს მოხელის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჯგუფურად, უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის დამცირებას, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას, რაც მას ძლიერ ფიზიკურ და მორალურ ტანჯვას აყენებს.

ბრალდებული საქართველოში სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ უკვე მსჯავრდებულია განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის და სასჯელის სახედ განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით. ამ ეტაპზე ბრალდებულის მიმართ ინტერპოლის წითელი ცირკულარით გამოცხადებულია საერთაშორისო ძებნა.