ტელეკომპანია კავკასიის ანგარიშს ინკასო დაედო. ამის შესახებ ინფორმაცია ტელევიზიის იდრექტორმა ნინო ჯანგირაშვილმა გაავრცელა.

"მადლობა ჩემო ძვირფასო სახელმწიფო: ინკასო კავკასიის ანგარიშზე. დავალიანება 29 000 ლარი. ელექტრონული ფორმით გაგზავნილი მოთხოვნა დავალიანების, მათ შორის ქონების გადასახადის ერთწლიან განწილვადებაზე უარყოფილია", — წერს ნინო ჯანგირაშვილი.

მისი თქმით, შემოსავლების სამსახურმა იმედსა და რუსთავი 2-ს 55 მილიონის დავალიანება 5 წელზე გაუნაწილა.

შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ ტელეკომპანია კავკასიამ გადასახადების სრულად და დროულად გადახდის ვალდებულება დაარღვია.

"მას თავდაპირველად დავალიანება 2019 წლის იანვარში წარმოეშვა და 8 962 ლარი შეადგინა. 2019 წლის იანვრიდან დღემდე, ტელეკომპანია კავკასიას, მათივე თხოვნის საფუძველზე, ექვსჯერ გაუფორმდა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება (გრაფიკი), თუმცა ექვსივე შემთხვევაში, დაარღვია გათვალისწინებული პირობები. ამასთან, მას ერიცხებოდა მიმდინარე გადასახადები, რომლებსაც სრულად არ იხდიდა და დავალიანება ეზრდებოდა", — აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ 1-ლი ივლისის მდგომარეობით, ტელეკომპანიის საგადასახადო დავალიანება 29 327 ლარამდე გაიზარდა. შემოსავლების სამსახურში ამბობენ, რომ კავკასიამ დავალიანების გადახდის გრაფიკი უნდა წარადგინოს, რომელსაც აღარ დაარღვევს.