2 ივლისს ეროვნული ბიბლიოთეკის მარო მაყაშვილის ბაღში ეროვნულ ბიბლიოთეკასა და გარემოსდაცვით ორგანიზაცია დავიცვათ საქართველოს სისუფთავეს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ და ორგანიზაცია დავიცვათ საქართველოს სისუფთავის აღმასრულებელმა დირექტორმა ელენე ლოლაძემ.

ეროვნულ ბიბლიოთეკაში ამბობენ, რომ ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს გარემოსდაცვითი თემების ირგვლივ საზოგადოების ცნობიერების ზრდას, ეკოაქტივიზმის წახალისებას და ხელშეწყობას.

"ჩვენი ორგანიზაციისთვის, რომლის მთავარი მიზანია გარემოსდაცვითი საკითხების მიმართ საზოგადოების ინტერესის გაზრდა და მათი ჩართვა, ძალიან მნიშვნელოვანია ძლიერი პარტნიორები. ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გაფორმებული შეთანხმება და მათთან თანამშრომლობა საშუალებას მოგვცემს, უფრო მრავალფეროვანი და ინტენსიური გავხადოთ გარემოსდაცვითი ცნობიერების გაზრდისკენ მიმართული აქტივობები და მეტი ადამიანი დავაინტერესოთ ამ თემით. ეკოთეკა, ჩვენი ერთობლივი პროექტი იქნება, რომლის საშუალებით გავამდიდრებთ ბიბლიოთეკის ბაზაში არსებულ მასალებს, რომელიც ასახავს გარემოსდაცვით აქტივობებს და საკომუნიკაციო მასალებს, რითაც შევქმნით საერთო ფოტოარქივს, სადაც იქნება წარმოდგენილი ყველა ის კომპანია, ორგანიზაცია, ადამიანი, ვისაც გარემოს დაცვაში და მის გაფრთხილებაში სულ მცირე წვლილი მაინც შეაქვს", — განაცხადა ელენე ლოლაძემ.

"ეროვნულმა ბიბლიოთეკამ და ორგანიზაციამ დავიცვათ საქართველოს სისუფთავე, მარო მაყაშვილის ბაღში, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. ვგეგმავთ ციფრული ეკოთეკისა და ქალაქ ქუთაისის ახალ სივრცეში, ეკობიბლიოთეკის მოწყობას", — განაცხადა გიორგი კეკელიძემ.

ამ ეტაპზე ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდში არსებობს სხვადასხვა დროის ფოტოები, პლაკატები, პუბლიკაციები, რომლებიც გარემოსდაცვითი თემების ირგვლივ ფრაგმენტულ ინფორმაციას გვაძლევს და საჭიროებს როგორც ძველი, ასევე უახლესი პერიოდის მასალებით შევსებას. ეკოთეკის საშუალებით ყველა მსურველს ექნება შესაძლებლობა ერთ სივრცეში ნახოს და გაეცნოს სხვადასხვა დროს საქართველოში განხორციელებულ გარემოსდაცვით აქტივობებს და გაიცნოს მასში ჩართული ადამიანები.