დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ პარლამენტს გენდერული კვოტების ალტერნატივა შესთავაზა რომლის მიხედვითაც, საარჩევნო სიაში არა ყოველი მეოთხე, არამედ ყოველი მესამე უნდა იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. მისივე თქმით, ეს უფრო მეტად შეუწყობს ხელს უთანასწორობის აღმოფხვრას.

როგორც ბესელია ამბობს, ჩანაწერი ყოველ მეოთხე განსხვავებულ სქესზე, პარლამენტში მდგომარეობას ვერ შეცვლის და ამიტომ ის ახალ ინიციატივას აყენებს:

"ეს კიდევ უფრო უკეთეს სურათს მოგვცემს, თუმცა არა იდეალურს. [...] მე მოგიწოდებთ თქვენ, არამხოლოდ ქალებს, არამედ ყველას, ვინც ამ პარლამენტშია, რომ მხარი დაუჭიროთ იდეას. უკეთესი იქნება შემდგომი პარლამენტი, უფრო მეტად მივუახლოვდებით თანასწორობის იდეას და ეს უკეთესია ამ ქვეყნის მომავლისთვის".

საარჩევნო კოდექსის პროექტი, რომელსაც პარლამენტი განიხილავს გენდერულ კვოტირებას ითვალისწინებს და პოლიტიკურ სუბიექტებს ავალდებლებს, პარტიულ საარჩევნო სიაში ყოველ მეოთხე კანდიდატად განსხვავებული სქესის წარმომადგენელი მიუთითოს. კობახიძის განცხადებით, ეს წესი მომდევნო წლების არჩევნებზე ქალთა წარმომადგენლობის ეტაპობრივ ზრდას ითვალისწინებს.

"დღეს არის 21 ქალი წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში და მინიმუმ 30-მდე გაიზრდება ქალების რაოდენობა 2020-წლისთვის. მინიმუმ 37-მდე გაიზრდება 2024 წლის პარლამენტში. 2028 წლიდან უკვე ყოველი მესამე იქნება სიაში და 50-მდე გაიზრდება ქალების რაოდენობა", — განაცხადა ქართული ოცნების წევრმა, ირაკლი კობახიძემ.

მისი განმარტებით, თუ ქალი გამოაკლდება საარჩევნო სიას, ის ისევ ქალით უნდა ჩანაცვლდეს და თუ კაცი გამოაკლდება — კაცით.

გარდა ამისა, არსებობს "წამახალისებელი მექანიზმი", რომელიც გენდერული კვოტირების დაცვის შემთხვევაში, პარტიებს ფინანსურ სარგებელს ჰპირდება.