გასულ წელს მარტინ სკორსეზემ კინოსამყაროში ყველას თავისი ახალი ფილმით The Irishman და კომიქსის გმირებზე გადაღებული ფილმების კრიტიკით დაამახსოვრა თავი: ამ უკანასკნელის გამო დიდი განხილვები დაიწყო — ბევრი მის მოსაზრებებს დაეთანხმა, მაყურებლების ნაწილი კი მიიჩნევდა, რომ სკორსეზეს შეხედულებები მოძველებულია და მხოლოდ ასეთივე კინო მოსწონს თავადაც.

სუპერგმირებზე გადაღებული ფილმების გვერდით საშინელებათა ჟანრიც კინოს ის სახეობაა, რომელსაც ხშირად კრიტიკოსები არასერიოზულად აღიქვამენ, გავლენიან დაჯილდოებებზე კი უყურადღებოდ ტოვებენ.

ალბათ, ბევრს ეგონა, მარტინ სკორზეც სწორედ მათ რიგებში იქნებოდა, თუმცა სრულიად მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ მას ახალგაზრდა პერსპექტიული ხელოვანები, თუნდაც მისგან რადიკალურად განსხვავებული ხედვით, სულაც არ დარჩენია უყურადღებოდ: ტაქსის მძღოლისა და უოლ სტრიტის მგელის რეჟისორი აღფრთოვანებულია ახალგაზრდა რეჟისორის, არი ასტერის შემოქმედებით.

ფოტო: Giphy

არი ასტერმა ბოლო წლებში ორი გახმაურებული ფილმი Hereditary და Midsommar გამოუშვა, რომელმაც საშინელებათა ჟანრის მოყვარულებში განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. Midsommar-ის პრემიერიდან ერთი წელი გადის და ამ თარიღთან დაკავშირებით კომპაქტ დისკზე ჩაწერილი რეჟისორის მონტაჟით ფილმის უფრო ხანგრძლივი, 171-წუთიანი ვერსია და ფილმის ილუსტრირებული წიგნი გაიყიდება.

სწორედ ამ წიგნში იქნება მარტინ სკორსეზეს წინასიტყვაობაც, რომელიც არი ასტერს მიუძღვნა.

"რამდენიმე წლის წინ ვუყურე არი ასტერის პირველ ფილმს Hereditary. დასაწყისიდანვე აღფრთოვანებული ვიყავი. ამ ახალგაზრდა ხელოვანს ზუსტად ესმის, თუ რა არის კინო. სიმეტრიის დაცვა, სტრუქტურის აგების სიზუსტე, რიტმის შენარჩუნება და ხმა — ამ ფილმში ყველაფერი ეს ცხადი იყო", — წერს სკორსეზე.

კადრი ფილმიდან Hereditary.

ფოტო: A24

ამ ლეგენდარულმა რეჟისორმა ჯერ კიდევ გასულ წელს აღნიშნა საჯარო შეხვედრისას, რომ ასტერის ფილმით მოხიბლული იყო:

"Hereditary შესანიშნავი ფილმია. სულ ვცდილობ, რომ ფილმებს ხშირად ვუყურო, მაგრამ, სამწუხაროდ, ამისათვის დროის გამონახვა რთულია. მაგრამ როცა ყურებას დაიწყებ, მაშინვე ხვდები, რომ ეს პროცესი გასაოცარია. სწორედ ამას ვფიქრობდი ამ ფილმის ყურებისას, მან ემოციებით დამმუხტა".

Midsommar-ის ილუსტრირებული გამოცემისთვის დაწერილ წინასიტყვაობაში მარტინ სკორსეზე ამბობს, რომ ის ასევე ძალიან მოიხიბლა არი ასტერის ამ მეორე სრულმეტრაჟიანი კინოსურათით:

"არ მინდა, ამ ფილმის შესახებ რამე ფუჭად გითხრათ, რადგან ყველაფერი თავად უნდა აღმოაჩინოთ. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მასში სიმეტრიულობა ისეთივე შთამბეჭდავია, როგორც Hereditary-ში, შეიძლებ უფრო მეტადაც კი. ეს კი იმ საშინლად უხერხულ და ნამდვილ ემოციებს განგაცდევინებს, რომლებსაც პერსონაჟები გრძნობენ ფილმის განმავლობაში. მასში ისეთი ნამდვილი სურათებია გაცოცხლებული, განსაკუთრებით ბოლოსკენ, რომ მათი დავიწყება გაგიჭირდებათ. მე ნამდვილად ვერაფრით დავივიწყე".

ფოტო: A24