დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე განმარტავს, რა შემთხვევაში შეეძლებათ აბიტურიენტებს გამოცდაზე პირბადის მოხსნა და რა დროს უნდა ეკეთოთ. გამყრელიძე ამბობს, რომ ამ საკითხის გადასაწყვეტად კომპრომისი მოიძებნა.

"აბიტურიენტებს ჰქონდათ გარკვეული წიხილი იმაზე, რომ პირბადით მუშაობა 3-4 საათის განმავლობაში არის შემაწუხებელი და გარკვეული დისკომფორტი და მათი კონცენტრაცია აზროვნების შეიძლება, გაიფანტოს. ეს არგუმენტი ნაკლებდამაჯერებლია, მაგრამ აქაც გამოინახა კომპრომისი", — ამბობს გამყრელიძე.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე პირბადის ტარების შემდეგნაირი წესი იქნება:

  • აბიტურიენტი უნდა შევიდეს პირბადით საგამოცდო შენობაში;
  • აბიტურიენტს პირბადე უნდა ეკეთოს ბილეთის აღების დროს, კომისიის წევრებთან, ზედამხედველებთან კონტაქტისას;
  • პირბადე უნდა ეკეთოთ აბიტურიენტებს ერთმანეთთან კონტაქტის დროსაც;
  • აბიტურიენტს მაგიდასთან დაჯდომისას შეეძლება პირბადის მოხსნა, მაგიდა კი სხვა მაგიდებისგან დაშორებული იქნება მინიმუმ 2 მეტრის დისტანციით;
  • აბიტურიენტმა უნდა გაიკეთოს პირბადე, თუ დაუძახებს ზედამხედველს რაიმე საკითხის გასარკვევად;
  • აბიტურიენტმა უნდა გაიკეთოს პირბადე, თუ საპირფარეშოში გავა;
  • აბიტურიენტმა უნდა გაიკეთოს პირბადე, როცა დაასრულებს წერას და ზედამხედველთა ნაშრომის ჩასაბარებლად მივა.