უკვე ორი თვე გავიდა Never Have I Ever-ის გამოსვლიდან და, როგორც ჩანს, მაყურებელთა და კრიტიკოსთა დადებითი შეფასებები უყურადღებოდ არ დარჩა — Netflix-მა თეინეიჯერული კომედიური სერიალი მეორე სეზონისთვის განაახლა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დევი ვიშვაკუმარის ამბავი, მთელი მისი მოუქნელი სასკოლო გამოცდილებებით, აუცილებლად გაგრძელდება.

მეორე სეზონში, ცხადია, ვიხილავთ მაიტრეი რამაკრიშნანს, რომელმაც 15 000 სხვა მსახიობს აჯობა წამყვანი როლისთვის გამართულ ღია კასტინგში, ასევე პურნა ჯაგანათანს (დრ. ნალინი ვიშვაკუმარი, დევის დედა), რიჩა მურჯანს (კამალა, დევის ბიძაშვილი), ჯარენ ლიუისონს (ბენ გროსი, დევის მთავარი ნემესისი), დარენ ბარნერს (პაქსტონ ჰალ-იოშიდა, დევის ქრაში) და ლი როდრიგესსა და რამონა იანგს (დევის საუკეთესო მეგობრები).

Never Have I Ever-ის თანაავტორები მინდი კალინგი და ლანგ ფიშერი არიან, ეს უკანასკნელი კი შოუს სცენარისტი და აღმასრულებელი პროდიუსერიცაა. სერიალის სიუჟეტი ვითარდება პირველი თაობის თანამედროვე ინდოელი ამერიკელი თინეიჯერი გოგონას, დევის, ჩახლართული ცხოვრების გარშემო. პერსონაჟი გულმოდგინედ მშრომელი უფროსკლასელია, რომელიც ფეთქებადი ხასიათის გამო არაერთ რთულ სიტუაციაში აღმოჩენილა. ყველასთვის კარგად ნაცნობ სასკოლო დრამებს — ხალხისთვის თავის მოწონების სურვილს, სიყვარულის ძიებასა და საკუთარ თავში გარკვევას — დევის შემთხვევაში მამის უეცარი გარდაცვალებაც ემატება.

რამაკრიშნანი Variety-ს ესაუბრა საკუთარ როლსა და შოუს აქტუალურობაზე.

"[შოუ] საოცარია, რადგან ძალიან ბევრი ადამიანისგან გამიგია, 'ღმერთო, როგორ კარგად მესმის'. იქნება ეს ისეთი უბრალო რამ, როგორიც ხუმრობაა ხელზე თმის შესახებ — რადგან, მოდი, ვაღიაროთ, მე კი 100%-ით კომფორტულად ვარ ჩემს თმიანობასთან ხელებზე, ისეთი დღეებიც არის ხოლმე, როცა მამაჩემთან მივდივარ და ვეუბნები: 'ეს რატომ გამიკეთე? რამე სხვა ვერ მომეცი?'. ან რამე ასეთი: 'მადლობა. ამან მიმახვედრა, რომ ოჯახის წევრის დაკარგვა ბოლომდე არ გადამიტანია'... ამის მეტი არც არაფერი მინდოდა შოუსგან. ემის ჯილდოები მსახიობებს, რეჟისურას, ნობელის პრემია მშვიდობის დარგში — უარს არ ვიტყოდი — თუმცა, ხუმრობა რომ იქით იყოს, შოუსგან მხოლოდ ეს მინდოდა", — თქვა რამაკრიშნანმა.