კაცს, რომელმაც ქალის დაწვა სცადა, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მას განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი. მოსამართლემ გადაწყვეტილება დღეს, 2 ივლისს გამოაცხადა.

პროკურორის განცხადებით, ბრალდებული მკვლელობის მიზნით მივიდა მისამართზე, თავდაპირველად გაიყვანა ქალი სახლიდან, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და წინასწარ შეძენილი ბენზინით სცადა მისი მკვლელობა.

ადვოკატი აცხადებს, რომ დაკავებული განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალს არ აღიარებს. მისი თქმით, ბრალდებული ამბიობს, რომ ბენზინი ავტომანქანისთვის შეიძინა და მკვლელობის განზრახვა არ ჰქონია. იგი არ აღიარებს არც ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ბრალდებასაც.

თბილისში კაცმა ქალის დაწვა 30 ივნისს სცადა. დაზარალებული ახლა დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაშია. ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, ქალს საკმაოდ სერიოზული დაზიანებები აქვს და ქვემო კიდურები აქვს დამწვარი. მისივე ინფორმაციით, ქალს 37%-იანი დამწვრობა აქვს.