ავსტრიის მთავრობის გადაწყვეტილებით, მესამე ქვეყნების მოქალაქეების, მათ შორის საქართველოს მოქალაქეების ავსტრიის ტერიტორიაზე შესვლასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები გახანგრძლივდება 2020 წლის 30 სექტემბრამდე. ამის შესახებ ინფორმაციას ავსტრიაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

მათი განმარტებით, აღნიშნული გულისხმობს, რომ ავსტრიის ტერიტორიაზე შესვლა შესაძლებელია მესამე ქვეყნის იმ მოქალაქეთათვის, რომლებსაც აქვთ ავსტრიაში ბინადრობის ნებართვა. ამ შემთხვევაში, მათ საზღვარზე უნდა წარადგინონ კოვიდტესტი (PCR ტესტი), რომელიც გაცემული უნდა იყოს არაუგვიანეს 4 დღისა ან დაექვემდებარონ 14 დღიან თვითიზოლაციას.

ასევე, გამონაკლისის სახით დაიშვებიან ტრანზიტული მიზნით მომავალი მგზავრები, რომლებმაც თან უნდა იქონიონ დანიშნულების ქვეყანაში გასამგზავრებელი საჭირო დოკუმენტაცია. იმ შემთხვევაში, თუ მგზავრებს უწევთ ტრანზიტული ზონის დატოვება, მათ სხვა დოკუმენტაციასთან ერთად, უნდა წარადგინონ კოვიდ ტესტი (PCR ტესტი).

აგრეთვე, ნებადართულია ბიზნესმენების, ხელოვანებისა და სპორტსმენების ვიზიტების განხორციელება დადასტურებულ პროექტებსა თუ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღების მიზნით, რაც ასევე დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი დოკუმენტაციით.

მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის, აგრეთვე, შესაძლებელია ავსტრიის ტერიტორიაზე შესვლა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიღების მიზნით, რაც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტაციით.

საქართველოს საელჩო ავსტრიაში მოუწოდებს მოქალაქეებს, ავსტრიაში გამგზავრებამდე გაეცნონ ქვეყანაში მოქმედ რეგულაციებს.