საფრანგეთი ევროკავშირის საბჭოს მიერ რეკომენდებული მესამე ქვეყნებისთვის, რომელთა შორის საქართველოცაა, საზღვრებს ხსნის. ამის შესახებ ინფორმაციას Euronews საფრანგეთის სახელმწიფო მდივნის, ჟან-ბაპტისტ ლემოიენის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილება საფრანგეთმა პირველ ივლისს მიიღო.

30 ივნისს ევროკავშირის საბჭომ გამოაქვეყნა იმ 15 "უსაფრთხო" ქვეყნის სია, რომელთანაც პირველი ივლისიდან მოგზაურობას აახლებს. მათ შორის მოხვდა საქართველოც.

მოგზაურთა დასაშვებად, მესამე ქვეყნებისთვის განმსაზღვრელია ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და უსაფრთხოების ზომები, როგორიცაა, ფიზიკური დისტანცია და ეკონომიკური და სოციალური მოსაზრებები. საბჭოს განცხადებით, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის თვალსაზრისით, მესამე ქვეყნები შემდეგ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ:

  • კორონავირუსის ახალი შემთხვევები 14 დღის განმავლობაში 100 000 ადამიანზე ევროპის საშუალო მონაცემებთან ახლოს ან ქვემოთ (2020 წლის 15 ივნისის მდგომარეობით);
  • ახალი შემთხვევების სტაბილური ან კლებადი ტენდენცია აღნიშნულ პერიოდში, წინა 14 დღესთან შედარებით;
  • ზოგადი პასუხი COVID-19-თან, სადაც მხედველობაში მიიღება ტესტირება, დაკვირვება, კონტაქტების მოძიება, მკურნალობა და ინფორმაციის სანდოობა. ასევე, საჭიროების შემთხვევაში ჯანდაცვის საერთაშორისო რეგულირების საშუალო ქულა.