საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, უკრაინიდან ერთ თვეზე მეტი ხნის წინ გამოძახებული ელჩის კონსულტაციები კიდევ არ დასრულებულა. როგორც ზალკალიანი ამბობს, ქართული მხარე სიტუაციის განვითარების ადეკვატურად იმოქმედებს და დააკვირდება მიხეილ სააკაშვილის ქცევას დააკვირდება.

"ჩვენ ძალიან მკაფიო, დიპლომატიური ნაბიჯი გადავდგით, როცა ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა, სამწუხაროდ, არ გაითვალისწინა საქართველოს მოთხოვნა და გამოვიწვიეთ ელჩი კონსულტაციებზე და ეს კონსულტაციები კიდევ არ დასრულებულა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიქნებით ადეკვატური იმ სიტუაციის, რა სიტუაციაც განვითარდება, თუნდაც მიხეილ სააკაშვილის მხრიდან: გაარგძელებს ის თავდასხმებს საქართველოს ხელისუფლებაზე, უხეშ ჩარევას ჩვენს საარჩევნო კანონმდებლობაში", — განაცხადა ზალკალიანმა იმედის ეთერში.

ელჩი კონსულტაციებისთვის მას შემდეგ გამოიძახეს, რაც უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე მიხეილ სააკაშვილის დანიშნეს.

22 აპრილს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მას რეფორმების საკითხებში ვიცე-პრემიერის პოსტი შესთავაზა. ეს საკითხი ქართული ოცნებისთვის უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობის გადახედვის საბაბი გახდა. მთავრობისა და პარლამენტში მმართველი გუნდის ლიდერებმა უკრაინელ კოლეგებს უთხრეს, რომ ეს მათ შორის ნდობას შეარყევდა და კატეგორიულად მიუღებელი იყო. ერთი კვირის შემდეგ კი რადაში ხალხის მსახურის ფრაქციის ლიდერმა, დავიდ არახამიამ განაცხადა, რომ სააკაშვილისთვის მუშაობის ახალი ფორმატი იპოვეს.

რეფორმების ეროვნული საბჭო 2014 წელს მაშინდელი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ბრძანებით შეიქმნა. საბჭოს წევრებს პერსონალურად უკრაინის პრეზიდენტი ნიშნავს. დოიჩე ველეს ინფორმაციით, 2014-2018 წლებში საბჭომ სულ 28 სხდომა ჩაატარა. ბოლო სხდომა კი 2018 წლის მარტში გაიმართა.

პრემიერმინისტრი, გიორგი გახრია ამბობს, რომ უკრაიდან ელჩის კონსლუტაციებისთვის გამოწვევა იმას არ ნიშნავს, რომ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

მისი თქმით, ელჩის გამოწვევის მიზანი მასთან კონსულტაციების გავლაა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დაიცვან ქვეყნებს შორის ურთიერთობები ავანტიურისტი პოლიტიკოსებისგან.