ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონის თქმით, სამწუხაროა, რომ საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებაში მონაწილეობა არ მიიღო. როგორც ფონ კრამონი ამბობს, ეს ცვლილებები ისტორიული შეთანხმების ნაწილი იყო და სამწუხაროა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა კენჭისყრაში მონაწილეობის არმიღებით მათ შესაძლებლობა ხელიდან გაუშვეს.

"პარლამენტის ბოლო გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია. მე მინდა, მივულოცო საქართველოს. სამწუხაროა, რომ ოპოზიციის ყველა პარტიამ ხმა არ მისცა, ეს გაშვებული შესაძლებლობაა. ბოლო პერიოდის განმავლობაში ვესაუბრეთ გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს და მათაც მივეცით რეკომენდაცია, რომ დემოკრატიის დონის განსაზღვრა იმით შეგიძლია, თუ რა პოტენციალს აძლევ შენ ოპოზიციას. ეს კარგი კომპრომისი იყო და სამწუხაროა, რომ ოპოზიციამ არ გამოიყენა ეს შესაძლებლობა, მოლაპარაკებების შედეგს ხმა არ მისცა", — განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა. [საზოგადოებრივი მაუწყებლის თარგმანი]

საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა, რომლის მიხედვით, 2020 წლის არჩევნები ახალი სისტემით ჩატარდება. 120/30 სისტემა გულისხმობს მხოლოდ 30 მაჟორიტარს ახალი მოწვევის პარლამენტში, 120 დეპუტატი კი სიით საკანონმდებლო ორგანოში პარტიული სიით მოხვდება. კენჭისყრას არ ესწრებოდნენ ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს დეპუტატები. მათი თქმით, შეთანხმების ნაწილი იყო გიორგი რურუას გათავისუფლებაც, რაც ხელისუფლებამ არ გააკეთა.

8 მარტის შეთანხმება და საარჩევნო სისტემა

8 მარტის შეთანხმება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსენსუსს და მართმსაჯულების სისტემას ეხებოდა. ცვლილებების თანახმად, არსებული საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს და მომავალი მოწვევის პარლამენტში პარტიული სიით 77-ის ნაცვლად 120 დეპუტატს აირჩევენ, მაჟორიტარი კი 73-ის ნაცვლად მხოლოდ 30 იქნება.

ოპოზიცია აცხადებს, რომ შეთანხმების ნაწილი იყო პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რასაც მმართველი გუნდი უარყოფს. 2 პოლიტიკოსი, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი პრეზიდენტმა შეიწყალა, მაგრამ პატიმრობაში რჩება მთავარი არხის მეწილე გიორგი რურუა, რის გამოც ოპოზიცია კენჭისყრაში არ მონაწილეობდა.

ნაციონალურმა მოძრაობამ არც ერთ კენჭისყრაში არ მიიღო მონაწილეობდა. პირველ მოსმენაში პროექტს მხარი დაუჭირა ევროპულმა საქართველომ, თუმცა რურუას მიზეზით მეოერე და მესამე მოსმენაზე არც ისინი მივიდნენ.