ევროპარლამენტარის, ვიოლა ფონ კრამონის თქმით, სასწაული იქნება, რუსეთმა ოქტომბერში დაგეგმლ არჩევნებში ჩარევა რომ არ სცადოს, რადგან ეს მათი ჩვეულებრივი ქცევაა.

როგორც ევროპარლამენტარი ამბობს, რუსეთისადმი საქართველოს მიერ წინააღმდეგობის გაწევა კრიტიკულ და დამოუკიდებელ მედიაზე მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული.

"ნამდვილად სასწაული იქნება, რუსეთმა რომ არ სცადოს ამ არჩევნებში ჩარევა, რადგან ეს მათი ჩვეულებრივი ქცევაა. ამას აკეთებენ ყველგან, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ყველგან. ბატონმა მაკენზიმ სწორედ აღნიშნა, რომ არსებობს საქართველოში ბუნებრივი წინააღმდეგობა და გამძლეობა, ასევე პროფესიონალთა ჯგუფიც, რომელიც ამაზე მუშაობს. ეს მჭიდროდ უკავშირდება მედიას. დამოუკიდებელი, კრიტიკული მედია იქნება სწორედ ის სივრცე, სადაც ფარდა აეხდება ამგვარ ნარატივებს, რომლებიც რუსეთიდან მოდის და არა მარტო რუსეთიდან, რადგან სხვადასხვაგვარ ჩარევებს ვხედავთ ხოლმე", — განაცა ვიოლა ფონ კრამონმა. [საზოგადოებრივი მაუწყებლის თარგმანი]

მისივე თქმით, რუსულ ნარატივთან ბრძოლა ექვსი წლის წინ უფრო მარტივი იყო, რადგან კრემლი აგზავნიდა ამ ყველაფერს და შემდეგ ამას იმეორებდნენ.

"ახლა უფრო გართულდა და დამძიმდა სიტუაცია, თუ ვინ დგას ამ ყველაფრის უკან. ჩვენ და ხალხს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ რადგან კიბერუსაფრთხოების თემა გაჟღერდა, ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება აღმოსავლეთ პარტნიორობის შემდეგი წლების განმავლობაში. ამაში ინვესტირებას ვაპირებთ. ჩვენ ვიქნებით ძალიან აქტიური პარტნიორები, როდესაც საქმე ეხება კიბერუსაფრთხოებას. ეს თემა აღიარებულია ევროკომისიის მიერ", — განაცხადა ფონ კრამონმა.