კაცს, რომელმაც ქალის დაწვა სცადა, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით ბრალი წარუდგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართეს.

მათივე ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს განზრახული ჰქონდა განსაკუთრებული სისასტიკით — ცეცხლის წაკიდებით მოეკლა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ქალი.

"ღამის საათებში ბრალდებულმა ქალი გაიყვანა მისი საცხოვრებელი სახლიდან და მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ამის შემდეგ, ბრალდებულმა ბენზინი მიასხა ქალს და ცეცხლი წაუკიდა. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო ქალს ადგილზე შეკრებილი ადამიანები დაეხმარნენ. ცეცხლის წაკიდების შედეგად, ქალმა მიიღო მრავლობითი დამწვრობები და ძლიერი შოკი", — ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ბრალდებული ცხელ კვალზე, საგარეჯოს სოფელ პატარძეულის მიმდებარე ტერიტორიაზე იმავე დღეს დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, დაკავებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მცდელობას ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით და 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისში კაცმა ქალის დაწვა 30 ივნისს სცადა. დაზარალებული დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი. დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, ქალს საკმაოდ სერიოზული დაზიანებები აქვს და ქვემო კიდურები აქვს დამწვარი. მისივე ინფორმაციი, ქალს 37%-იანი დამწვრობა აქვს.